ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N13
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართლიანი სახლი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. შელესილი საფასადო სიბრტყე ვარდისფერ ფერზეა შეღებილი. პროფილირებული კარნიზით გაყოფილი სართულები მშვილთაღოვანი, საპირეშემოვლებული ღიობების რიგით არის დანაწევრებული. ფანჯრებს რაფების ქვეშ განთავსებული მართკუთხედები ამკობს. კედლის თავშეკავებულ გაფორმებას შუაკედლისებზე აყოლებული, დეკორატიულად შემკული პილასტრები ემატება. შენობაში შესასვლელი სადარბაზო უჯრედი მარცხენა კიდეშია მოწყობილი. ღიობში ხის დეკორატიულად გაფორმებული ორფრთიანი კარი კიდია. მეორე სართულის ცენტრში ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი გამოდის. ძველი აივნის მარჯვნივ კიდევ ერთი, მოგვიანებით გაკეთებული უსახური აივანია, რომლის უკანა კედელი თავდაპირველი ღიობების მშვილდთაღოვანი ფორმის სწორკუთხად გადაკეთების შედეგად არის დამახინჯებული.ბლოკის გვიანდელი მინაშენების შედეგად ძლიერ დეგრადირებულია სახლის ეზოს მხარეს მიმართული კედელი.გადაკეთებების მიუხედავად, შენობას თავდაპირველი პროპორცია და მთავარი ფასადის არქიტექტურული გადაწყვეტა შენარჩუნებული აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ს. ზუბალაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების ხასიათისა და მასშტაბის შენარჩუნებაში.