• EN
  • ge
  • არქეოლოგია
    არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე
     
    არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე 1988 წლიდან არ ჩატარებულა.  მიმდინარე წელს აჭარის ა/რ  მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით პეტრას  ციხის  არქეოლოგიური შესწავლა  ივლისის თვეში დაიწყო,  გათხრები  4 უბანზე წარმოებდა. პირველი უბანი- ეს არის სამხრეთ კარიბჭე, სადაც ციხეს ჰქონდა ორმაგი კედელი. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლიანა მე-6 საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა ძირითადად ამფორების და მონეტების სახით. მეორე უბანი-არის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, სადაც განისაზღვრა სხვადასხვა სამშენებლო პერიოდი. რაც შეეხება მესამე უბანს, რომელიც ციხის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს გამოვლინდა თურქული პერიოდის აბანოს ნანგრევები, რომლის გაწმენდის შედეგად აღმოჩნდა, რომ აბანო აფეთქებული უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ რუსეთ-თურქეთის ომის დროს. ძალიან საინტერესო გამოდგა ციხის მეოთხე უბანი, რომელიც სრულიად უცნობი იყო მანამდე, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო დასავლეთიდან გასასვლელი კარი.
       
    არქეოლოგიური გათხრები ხიხანის ციხეზე
     
    მიმდინარე წელს ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა.  არქეოლოგები  ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე  ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

    როგორც ხიხანის ციხის არქეოლოგიიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა განმარტა: წერილობითი წყაროების ინფორმაცია შეივსო იმ მნიშვნელოვანი არტეფაქტებით, რაც წლების განმავლობაში  არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა.
    არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

     

    არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე

    მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს დაფინანსებით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმმა  განაგრძო საველე სამუშაოები   ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე.  მიკვლეულია  ძვ.წ. IV ს-ის შვიდი სამარხი და ხუთი სარიტუალო მოედანი. ასევე:  ამფორები, ანტიკური შავლაკიანი ჭურჭელი, მათ შორის დაკრძალვის რიტუალისათვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, მძივები, ბეჭდები, სამაჯურები, ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდები.

    მიმდინარეობს ფართო საპრეპარაციო სამუშაოები ელინიზმისა და კლასიკური ხანის უძრავი კულტურული ფენებისა და ადრერკინის ხანის ზედა დონის მოკირწყლული მოედნის შესწავლის მიზნით.  არსებითია, რომ მოპოვებულია მნიშვნელოვანი არტეფაქტები და იქმნება მყარი კრიტრიუმი არა მარტო ამ ეპოქების, არამედ , უძველესი პლასტების თანამიმდევრული კვლევისათვის.