ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N29
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიან, კლასიცისტურ სტილის საცხოვრებელ სახლზე 2008-10 წლებში მოეწყო მაღალი მანსარდა. ფასადი ქუჩის მხარეს ქვის ფილებით შემოსილ ცოკოლზე დგას, რომელშიც სარდაფია მოწყობილი. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული ლავგარდანით არიან გამიჯნული, მარტივ პარაპეტს კი, ძირზე კბილანებიანი ფრიზი დაუყვება. ფასადის ოდნავ ასიმეტრიული სტრუქტურა მას მეტ გამომსახველობას ანიჭებს. მარცხენა ფლანგსა და მარჯვენა შუაფლანგზე კლასიკური ფრონტონებით დასრულებული თხელი რიზალიტებია, I სართულზე ორი მართკუთხა, ხოლო II-ზე სამი თაღოვანი სარკმლის მომცველი ღიობებით. რიზალიტებს შორის ფასადის მოზრდილ შეწეულ სიბრტყეში, I სართულზე მართკუთხა კარი და სამი მართხკუთხა სარმელია გაჭრილი, ხოლო II-ზე ოთხი თაღოვანი სარკმელი, ქალის თავის მასკარონებიანი საჭექი ქვებით. შენობის მარჯვენა მოკლე ფლანგი კი, სადარბაზო შესასვლელს და II სართულზე თაღოვან სარკმელს უჭირავს. სადარბაზოს ჭერი, კონცენტრირებული წრეებიანი როზეტით არის გაფორმებული. ამ მონაკვეთებზე მარცხნივ გრძელი და მარჯვენა ფლანგზე მოკლე კიდული აივნებია, ლითონის ჭვირული მოაჯირებით. რიზალიტების I სართულები და არე სადარბაზო კარის ირგვლივ რუსტირებულია, დანარჩენი საფასადო სიბრტყე მთლიანად შელესილია და დაფერილია კონტრასტულად, ღია მოყვითალო და მოთეთრო ტონებით.სახლი L-ის გეგმარებისაა და ჰქონდა შიდა დახურული ეზო, რომელიც ამჟამად ღიაა მელაშვილის ქუჩაზე აღებული ნაგებობების გამო. ორთავე ფლანგი თავდაპირველად მოცული იყო ხის გალერეა აივნებით, რომლებიც ამჟამად ნაწილობრივ ამოშენებული და გადაკეთებულია. მარცხენა ფლანგზე აქვს ორსართულიანი უსახო მინაშენი.