ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N7 / შ.რუსთაველის ქუჩა N17
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბელეტაჟის ტიპის ერთსართულიანი ნაგებობა თავისი ისტორიული წარსულით. 1888-1900-იან წლებსი ამ სახლში ცხოვრობდნენ ბათუმში სტუმრად მყოფი რუსი მწერლები-ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი. გადმოცემის თანახმად, ა. ჩეხოვის ერტ-ერთი ცნობილი პიესის-,,სამი და“ პერსონაჟების შთაგონების წყაროს, აქვე მახლობლად მცხოვრები ანდრეევების ოჯახის ქალბატონები წარმოადგენდნენ. ამავე შენობაში ცხოვრობდა ქალაქის თავი-ლუკა ასათიანი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული 1895-1901 წლებში ბათუმის განაშენიანება და კეთილმოწყობა. სახლი აგურით ნაგები ერთსართულიანი შენობაა - სარდაფით. ცოკოლის ნაწილი, სადაც გამოდის სარდაფის პატარა ფანჯრები, ქვით არის მოპირკეთებული. ფასადები სრულიად სადაა და შეულესავი, მხოლოდ ფანჯრის რაფა და მოჩარჩოებაა შეღებილი თეთრად. ფანჯრის სწორკუთხა ღიობების ქვეშ, აგურში გამოყვანილი მართკუთხა არეა მოთავსებული. აგურითვეა შედგენილი ნაგებობის კარნიზი. შენობას ასრულებს ყრუ პარაპეტი, რომელიც ნაგებობას მთელს პერიმეტრზე გასდევს. ამჟამად, ნაგებობას დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან დამატებული აქვს “ქართული აგურით” ნაგები ერთი სართული, რომელიც შ.რუსთაველის ქუჩისკენ ქანობა სახურავში არის “ჩამალული” და ამ მხარეს ნაგებობა ერთსართულიანია. დამატებულ სართულზე გამოდის ორი - ლითონის აივანი. შენობა გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით, სადა, კლასიცისტური დეკორით, შემამკობელი დეთალების ზომიერებითა და მოხდენილი ფორმებით.