ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.N15 მემედ აბაშიძის ქ. N44
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX საუკუნის დასასრულს აგებული ქ. ბათუმის ცენტრში, ახლანდელი მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე სამსართულიანი სახლი მაღაზიის ფუნქციით არსებობდა საბჭოა პერიოდში და დამოუკიდებლობის წლებშიც. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტ ნ. ფანდიევს, რომელიც ბათუმსა და სხვა ქალაქებში ფლობდა როგორც ცემენტის, ქვისა და მოზაიკური ფილების წარმოების ქარხანას, ასევე, საკონდიტრო საწარმოს. ამ სახლში განთავსებული იყო სამეანო და სამასაჟო კაბინეტი. პირველ სართულზე კი, ცემენტისა და მოზაიკის ნაკეთობათა საწყობი. ფანდიევმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის (მემედ აბაშიძის ქ. N42). გვერდით ააშენა საკონდიტრო მაღაზია ,,მინიონი“, სახლი - მაღაზიას საერთო გასასვლელით უკავშირდებოდა და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. ასევე ფანდეევს ეკუთვნოდა უკანა ეზოში არსებული ხის ორსართულიანი და სხვა დამხმარე შენობები (ლუკა ასათიანის ქ. N13). შენობებში განთავსებული იყო საკონდიტრო საწარმოს საწყობები და მუშათა საცხოვრებელი ბინები. ფანდეევის ყოფილი საკონდიტრო მაღაზია, მიმდებარე შენობებთან ერთად, ერთგვარი ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია და თავისი მდებარეობით - მის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ფანჯრის ღიობებითა და პილასტრებით დაყოფილ შენობის ფასადზე გამოიყოფა მაღალი პარაპეტით დასრულებული მარცხენა რიზალიტი, ერთ ღერძზე განთავსებული დაკიდული აივნები აჟურული მოაჯირებითა და დეკორატიული კრონშტეინებით. სარკმლების ირგვლივ თავმოყრილი დეკორით- სანდრიკებით. ქალის თავის მცირე ბარელიეფებითა და სხვა დეტალებით შემკული ნაგებობა ხასიათდება ზომიერი პროპორციებითა და გარემოსთან ორგანული შერწყმით. მსგავსი შენობები ძველი ბათუმის განაშენიანებაში აყალიბებს ისტორიული ქუჩების ხასიათსა და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს თვითმყოფად და ესთეტურ იერს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაც და ნ. ფანდეევის საცხოვრებელი სახლიც (მემედ აბაშიძის ქ. N 42) მოდერნის (Art Nouveau) სტილის გამოხატული ნიშნებით ხასიათდება. ბათუმში და ზოგადად, საქართველოში - სამრეწველო-კომერციული ფუნქციის შენობები ძალიან ცოტა შემოგვრჩა და მათ შორის სულ რამდენიმეა მოდერნის სტილის. ამიტომ, ყოფილი მაღაზია “მინიონის” შენარჩუნება-აუცილებელია. მოდერნის არქიტექტურული მემკვიდრეობა დღეს ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესსაც წარმოადგენს. სწორედ ასეთი შენობები ჰქმნიან ისტორიული ქალაქების საკუთარ და განუმეორებელ სახეს.