ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N2 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N20
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში ი. აბაშიძისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კუთხეში მდებარე, ვიტუშინსკის ქვის სახლში, თავდაპირველად, I სართულზე განთავსებული იყო აფთიაქი, ხოლო II სართულზე სასტუმრო ,,პეტერბურგსკაია“. იმ დროისათვის საკმაოდ კეთილმოწყობილ სასტუმროში, რომელსაც ათანასე თავდიშვილი განაგებდა, ფრანგული და რუსული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეიძლებოდა. სასტუმროს ნაციონალიზაციის შემდეგ, მეორე სართული მოსახლეობას გადაეცა, პირველი სართულის ფარდულები კი, მაღაზიებს დაეთმო. ქუჩებისაკენ გრძელი მკლავებით განვითარებული კუთხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია 1903 წელს. ის წაგრძელებული ფასადებით კრავს ორი ქუჩის კუთხეს და დამატებითი ფლანგებით შემოიზღუდავს შიდა მართკუთხა ეზოს. ქუჩების კუთხეზე შენობა ოდნავ რიზალიტურად არის ნაშვერი და ასევე ოდნავი შემაღლებითაც გამოიყოფა წაგრძელებული ფლანგებისგან. სტილიზებულ კლასიცისტურ ფორმებიანი საფასადე სიბრტყე მთლიანად იმიტირებული რუსტებითაა მოცული, დაფერილია ჩალისფრად, მოღვინისფრო ჩანართებით და ქვით ნაგები შენობის ასოციაციას ქმნის. I სართული კომერციული იყო ფართო მართკუთხა ღიობებით. II საცხოვრებელ სართულს მართკუთხა მოჩარჩოებიანი სარკმლები დაუყვება. შენობის კუთხე აქცენტირებულია სვეტებიანი ფრონტონით შეკრული მცირე კარიბჭისებური ორქანობიანი ნაშვერით. II სართულზე აქ ლითონის ჭვირულმოაჯირიანი კიდული აივანია (II სართულზე სულ ასეთი ცხრა აივანია), ზევით კი, მძლავრად ნაშვერი კრონშტეინებიანი ლავგარდანი. სართულები ერთმანეთისგან გმოყოფილია კბილანებიანი ფრიზით შევსებული პროფილირებული ლავგარდანით, ზევით კი, სრულდება მარტივად ნაშვერი თაროთი.ნაგებობაში რამდენიმე შესასვლელია. კ. გამსახურდიას ქუჩის ფასადის ცენტრალურ რიზალიტში შეწყვილებული თაღოვანი ღიობებია. მარცხენაში I სართულზე შესასვლელი კარი (ამჟამად სახეცვლილი ლითონპლასტმასის ალათებით), მარჯვენაში სადარბაზო შესასვლელი ხის ორფრთიანი მდიდრულად მოხარატებული კარით და II სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედით, სადაც ლითონის მოაჯირიანი მარტივი კიბე და შორენკეცებიანი იატაკია. II სართულზე რიზალიტი ფრონტონებით შეკრული ტრიპტიქული სტრუქტურით არის გაფორმებული. ი. აბაშიძის კუჩისკენ კიდევ ერთი სადარბაზო შესასვლელია, ოვალური, ლითონის ჭვირული წინფრათი დასრულებული, ასევე ლითონის ჭვირულცხაურიანი ხის მარტივი ორფრთიანი კარით. იატაკი აქაც შორენკეცებიანია, ლითონის მოაჯირებიანი კიბის უჯრედი მოწყობილია სიღრმეში. მარცხენა ფლანგზე ეზოში შესასვლელი გვირაბია ლითონის ჭვირულცხაურიანი ჭიშკრით. სახლი მართკუთხა გეგმარებისაა შიდა ატრიუმის ტიპის ვრცელი ეზოთი. ეზოს ფასადზე თავდაპირველად შემინული აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად, სახეცვლილია მინაშენებითა და ჩაშენებებით. შუშაბანდიანი აივანი შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ადგილას. შემორჩენილია ასევე, მოგვიანებით გაჩენილი მანსარდული სართული.