ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N3
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობა XIX საუკუნის დასასრულს უნდა იყოს აშენებული სახლის მესაკუთრეს-ტექ-მიქაელიანს, შენობის გვერდით, ამჟამინდელი სკვერის ადგილას, ცხენებისა და ფაეტონების სადგომი ჰქონდა სახლს ეზოს მხარეს მოსამსახურეთა ფლიგელი ერთვოდა. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩართულია პერიმეტრულ განაშენიანებაში. უკან განვითარებული ფლანგები შემოიზღუდავს შიდა ეზოს. ფასადზე კლასიცისტური, არქიტექტურული ფორმები სიმეტრიულად არის გადანაწილებული. I სართულზე კომერციული ფართებია, რუსტებიან პილასტრებით მოცული ორი ფართო ღიობით. მარცხენა ფლანგზე ეზოში შესასვლელი გვირაბის ლითონის ჭვირულსახიანი ჭიშკრით და და მარჯვენა ფლანგზე სადარბაზო ხის ორფრთიანი მოხარატებული კარით. II სართულზე კი, კანელურებიანი პილასტრებით გამოყოფილია ცენტრალური სამსარკმლიანი და ფლანგების რიზალიტური ორსარკმლიანი მონაკვეთები. ფლანგების სარკმლები თაღოვანია საჭექქვებიანი თავსართებით. შუა სამი სარკმელი კი, თარაზულია და მორთულია კორინთულკაპიტელებიანი, ნახევარწრიული სვეტებითა და სხვადასხვა ფორმის ფრონტონებით. იქვე შეკიდულია ლითონის ჭვირულმოაჯირიანი აივანი. პილასტრებისა და ნახევარსვეტების კორინთულ კაპიტელებს შეესატყვისება ფრონტონებისა და სარკმელთა ზედანების სტილიზებული გირლიანდები და სხვა მცირე კვეთილი ფორმები. სართულები ერთმანეთისგან გაყოფილია მარტივი საფეხურებიანი ლავგარდანით, ზევით კი, სრულდება რთულსახიანი დაჩითულ გეომეტრიულ ფორმებიანი ლავგარდანით და გირლიანდებში ჩასმული ლომების თავებიანი სტილიზებული ფრიზით. სადარბაზოს კედლები დაფარულია კვეთილი შემკულობით და მხატვრობით. პროფილირებულ ჩარჩოებში პეიზაჟებია ციხე-სიმაგრეებით, ეკლესიებით და მცირე ზომის ფიგურებით. ჭერზე ნალესობით შესრულებული პროფილებია. II სართულზე ასასვლელ ხის კიბეს რიკულებიანი მოაჯირი აქვს. სახლის შიდა ატრიუმის ტიპის ეზოს ფასადზე შემინული აივნები შენარჩუნებულია, თუმცა სხვადასხვა მასალით არის გადაკეთებული და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. შემორჩენილია კბილანებით გაფორმებული ხის ლავგარდანი. ეზოში შესასვლელ გვირაბის ჭერზე კვეთილი, ნალესი ფორმებია კონცენტრული წრეებით.
საცხოვრებელი სახლი ქუჩის მნიშვნელოვანი არქიტექტორული ერთეულია.