ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოლოტაური
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხის ორსართულიანი ჯამეს პირველი სართული სარდაფია. მეორე სართული - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 8,5X11,8 მ. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხაა, სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით. მიჰრაბს ორივე მხარეს დაბალი, ხის მერხები მიუყვება. მისგან აღმოსავლეთით მერხზე დამაგრებული კათედრაა, დასავლეთით - მიმბარია. მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა.ცენტრალური სივრცის კესონური ჭერი მორთულია ხის მცენარეული აპლიკაციებით, რომლებიც დაფერილია წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი საღებავებით. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია თორმეტ მრგვალ სვეტზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ოთხივე მხრიდან სადა, რიკულებიანი მოაჯირი აკრავს, აქედან სამხრეთისა დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს, ჩრდილოეთით კი დიდი ზომის, ნახევარწრიული აივანია გამოყოფილი. აივანი მორთულია ხის რომბისებრი ორნამენტებით.ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, რვა ნახევარწრიული საფეხურით.ჯამეში ღვთისმსახურება, საბჭოთა წლების შემდეგ, აღდგენილია; განახლებულია ჯამეს არქიტექტურული იერსახეც - ცისფრად შეღებილია ფასადები, მიშენებულია მინარეთი.