ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხემლარა
ძეგლის მოკლე დახასიათება
მაჭახელას ხიდი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. მაჭახელას ტერიტორიაზე, მდ. მაჭახელას ხეობაში; ბათუმი-ხულოს ცენტრალური ტრასის ხელვაჩაურის მონაკვეთიდან დაახლოებით 20 კმ მანძილზე, სოფლის გზის პირას. ძველი ხიდიდან დაახლოებით 10-იოდე მეტრის მოშორებით ლითონის ახალი ხიდია. ხიდი გზის პირზეა აგებული; ნაპირიდან მის ზედაპირამდე ქვის დაბალი და ფართო სამი საფეხურია მოწყობილი. ხიდის სიგრძე ჰორიზონტალურად ბურჯიდან ბურჯამდე 19,6 მ, სავალი ზედაპირის სიგრძე-22 მ; ხიდის სიგანე შუაწელზე-1,6 მ, ნაპირებზე ბურჯთან-2,1 მ, სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე-5,30 მ, თაღის ზედაპირამდე-დაახლოებით 6,4 მ. გაშლილი ნახევარწრიული თაღის მოხაზულობის ხიდი საკმაოდ ვიწროა და მასზე მოაჯირებია მოწყობილი (მოაჯირები ლითონისაა). ეყრდნობა ორივე ნაპირზე ,,შეჭრილ" ბურჯებს; ნაშენია ყორე და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. ხიდის ზედაპირი ქვის ფილებითაა დაფენილი. ზედაპირი და ნაპირები დაფარულია ხავსითა და სუროთი. ნაგებობისათვის გამოყენებულია ხიდის ორივე მხარის საპირე რკალის ფლეთილი ქვის წყობის ორი რიგი, რომელთა შორის უსწორო ქვები და კირის ხსნარია. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. საუკუნეების მანძილზე საპირე რკალის ქვის მეორე (ზედა) რიგზე პირვანდელი ქვების ნაწილი დაკარგულია და მათ ნაცვლად დამატებულია სრულიად განსხვავებული ზომისა და ფორმის შედარებით მცირე ქვები, რაც რამდენადმე უცვლის ძეგლს პირვანდელ სახეს.