ი.ჭავჭავაძის ბათუმის დრამატული თეატრი
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N1
ძეგლის მოკლე დახასიათება
პირველი შენობა თეატრისათვის 1884 წელს ააგეს, ვინმე ანანიევის მამულში. 1891 წელს ქალაქს კიდევ ერთი სათეატრო შენობა შეემატა. ვექილმა იურკევიჩმა ვაჭარ მარშოსაგან იჯარით აიღო რკინის საწყობის შენობა და თეატრად გადააკეთა, რის გამოც მას ,,რკინის თეატრად“ მოიხსენიებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში გამოჩნდა კიდევ ერთი შენობა ე.წ. შმაევსკის თეატრი, რომელიც 900 მაყურებელს იტევდა. I მსოფლიო ომის დროს, 1918 წელს ბათუმში ინგლისის საოკუპაციო ჯარების შემოსვლის შემდეგ, შენობა კაფე შანტანად გადაკეთდა. შემდგომ, სწორედ ამ ადგილას აშენდა დღევანდელი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა 1952 წელს, არქიტექტორ ი. ტეპლიცკის პროექტით. მართკუთხა ფორმის მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა გამწვანებული სკვერის ცენტრში, განაშენიანებიდან განცალკევებით დგას. თეატრის ტერაკოტის ქვითა და მასთან ფერით მისადაგებული დეკორატიული ნალესობით დაფარული ფასადები, ყველა მხრიდან კარგად იკითხება. მაღალ ცოკოლზე აღმართული სამსართულიანი შენობა გეგმით ჩამოჰგავს სამნავიან ბაზილიკას, რომლის განიერი და ოდნავ მაღალი შუა ნაწილი ორფერდა, ხოლო გვერდითი ვიწრო ნაწილები ცალფერდა სახურავით არის გადახურული. პომპეზურობით გამოირჩევა შენობის მთავარი ფასადი, საიდანაც მას სამი სართულის მომცველი კვადრატული ფორმის კორინთული სვეტებით შედგენილი და ფრონტონით დაგვირგვინებული პორტიკი აქვს მიდგმული. შეწყვილებული კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული შენობის გრძივი კედლებიც. 2010 წელს შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. თეატრის ფასადები განაახლეს. ოქროსფრად იქნა შეღებილი კარნიზები, სვეტებისა და პილასტრების კაპიტელები და ბაზისები. ნაძერწი თეტრალიზირებული ნიღბები განთავსდა ფრონტონის არეში და გრძივ კედლებზე. შენობას ჩაუტარდა ბათუმის თეატრის შენობა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია. ის თავისი მდებარეობითა და მასშტაბით დომინანტურ როლს ასრულებს ქალაქის ამ ნაწილის ურბანული სივრცის ჩამოყალიბებაში.