არქეოლოგიური გათხრები გონიო-ფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში.
გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე წელს ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი ივნისის თვის დასაწყისში დაიწყო.
თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2012 წ–დან დაიწყო, როდესაც პოლონურმა მახარემ ჩაატარა გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წ ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს, სამი კვირის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები დაფიქსირდა. ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე (მისი სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს) გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა დაფიქსირდა. რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩნდა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობაა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს–ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული.
არქეოლოგიური გათხრები ხიხანის ციხეზე.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ უკვე მესამე წელია არქეოლოგიური გათხრები ტარდება ხიხანის ციხეზე, რომელიც ეკუთვნოდა აბუსერიძეთა ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოს. ამ საგვარეულომ გამორჩეული როლი ითამაშა ერთიანი საქართველოსათვის ბრძოლის საქმეში და მუდამ მეფის ხელისუფლების მომხრეები იყვნენ.
ექსპედიციამ გასულ წელს შეისწავლა აბუსერიძეთა სასახლე და XIII საუკუნის ეკლესია, რომელიც, როგორც ტბელ აბუსერიძის თხზულებიდან ვიგებთ, თვით მას აუშენებია ბაკოელთა დიდი ძალისხმევით. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ციხის ერთ–ერთ (მე–4) კოშკში. ასევე გაგრძელდა სამუშაოები სასახლეში. ექსპედიციამ შეისწავლა დიდი 25 ქვევრიანი მარანი. იმ აგროკულტურულ ზონაში, სადაც ხიხანის ციხე მდებარეობს, ყურძენი არ ხარობს, მაგრამ როგორც ჩანს და ეს წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, ბარში იწურებოდა ყურძენი, ხოლო ყურძნის წვენი აჰქონდათ მთაში და ასხამდნენ ქვევრებში, სადაც ხდებოდა ტკბილის დადუღება. მარანი თარიღდება მე–11–მე–13 საუკუნეებით.
მიმდინარე წელს კი ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილი მარანი შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება. გარდა ამისა, ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკში მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც აღმოჩნდა.
არქეოლოგიური გათხრები სოფელ კაპნისთავში
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრების წარმოება დაიწყო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპნისთავში. აღმოჩენილია ადრე შუასაუკუნეებით დათარიღებული მარანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქაურ მკვიდრთა სამეურნეო საქმიანობის ძირითადი დარგი მევენახეობა და მეღვინეობა ყოფილა. ასევე დიდ ყურადღებას იქცევს ყურღელეში აღმოჩენილი ბრინჯაოს მეტალურგიის უძველესი კერა, რომელიც ადასტურებს, რომ აჭარა ბრინჯაოს ხანაში წარმოადგენდა საკაცობრიო ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას.
არქეოლოგიური გათხრები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინიციატივით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, კერძოდ კი ,,ქაშუეთის ‘’უბანში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.
გათხრების შედეგად გამოიკვეთა განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული (XI-XIIIსს ) დარბაზული ტიპის ეკლესია თავისი სამარხებით. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის კერამიკის ფრაგმენტები, რომლების ასევე ამ პერიოდით თარიღდება. გათხრები დაიწყო მიმდინარე წლის 14 სექტემბერს და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში (ბიუჯეტი 5800 ლარი)