საცხოვრებელი სახლი
ქ.ბათუმი, ქუთაისის ქუჩა N4
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ქვით ნაგები სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. დღეს ის სახეცვლილია, ეს ძირითადად ეხება მის პირველ სართულს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა გადაკეთებული. აქ თავდაპირველი მხოლოდ ეზოში შემავალი მართკუთხა მოხაზულობის გვირაბ-შესასვლელია დარჩენილი, რომლის მარჯვენა კუთხეც რუსტიკებითაა დამუშავებული (ასეთივე რუსტიკებია დარჩენილი სახლის ამავე სართულის მარჯვენა კიდეში). პირველი და მეორე სართული ერთმანეთისგან მარტივი პროფილის მქონე კარნიზით იყო გამიჯნული, რომლის ნაწილიც სახლის მარჯვენა ნაწილშია შემორჩენილი.თავდაპირველი სახით მეორე სართულის ფასადის დეკორატიული გაფორმებაა შემორჩენილი. ფასადი კარ-სარკმელთა მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. კედლის ზედაპირის სხვადასხვა მონაკვეთი ან გლუვი ფაქტურისაა, ან ხორკლიანი. მართკუთხა ღიობები სტილიზებული პილასტებითაა ფლანკირებული, ხოლო ზედა ნაწილი სანდრიკებითაა დასრულებული, რომელთა შუაშიც დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული. საცხოვრებელი სახლი შვერილი ლავგარდნით სრულდება, რომელიც დეკორაციულ კრონშტეინებს ეყრდნობა. კარნიზის ქვედა ნაწილი გირლიანდებითაა შევსებული. მიუხედავად ქვედა სართულის გადაკეთებისა სახლი მაინც ინარჩუნებს ავთენტურობას. ის მნიშვნელოვანია როგორც საინტერესო ნიმუში სხვადასხვა სტილის თანაარსებობისა. გარდა საფასადო შემკულობისა, სახლი ასევე ღირებულია როგორც ქუჩის მჭიდრო განაშენიანების ნაწილი, რომელიც თავისი გაბარიტებით ქუჩის მასშტაბს განსაზღვრავს.