ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N36
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა 1907 წელს არის აგებული. ის რკინის ნაკეთობათა ოსტატის, ივანე უგრეხელიძის საკუთრება იყო. სახლის ეზოში მას სამჭედლო სახელოსნო ჰქონდა გახსნილი. ფასადი მოკრძალებულად არის გადაწყვეტილი მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტებით. მეორე სართულზე გადმოკიდებული ლითონის აივნის აჟურული მოაჯირიც და ეზოს ჭიშკარიც მისივე სამჭედლოშია დამზადებული. შენობის უკანა ფასადი გვიანდელი გადაკეთებების შედეგად სრულიად სახეცვლილია. სახლი ბათუმური საცხოვრებლის ტიპური ნიმუშია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული განაშენიანების თავდაპირველი სახის შენარჩუნებაში.