ქ. ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა N19 / პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N41
ძეგლის მოკლე დახასიათება
კუთხის ორსართულიანი, დიდი ზომის შენობა, მაღალი ცოკოლის სართულით, მთელ კვარტალს მოიცავს და ფასადებით სამ ქუჩაზე გამოდის. შენობა XX საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს, პომორსკის პროექტით, საგანგებოდ ქალთა გიმნაზიისათვის აშენდა. მისი მთავარი ფასადი ი.ჯინჭარაძის ქუჩისკენ არის მიმართული. სწორედ ამ მხრიდან არის გაჭრილი ერთადერთი შესასვლელი, რომელსაც ქვის მაღალ ბაზებზე დაფუძნებული, კანელურებიანი სვეტებით გაფორმებული პორტიკი ამკობს. პორტიკის თავზე განიერი, ვერანდაა მოწყობილი, რომელსაც რიკულებიანი მოაჯირი მიუყვება. ფასადები, ძირითადად სწორკუთხა მოხაზულობის სამფრთიანი, განიერი ღიობებით არის დანაწევრებული. პირველი სართულის ზედაპირი - რუსტირებულია. სარკმლების ძირში, ჩაკვეთილი, მართკუთხა სიბრტყეებია მოცემული. მეორე სართული შედარებით მეტად არის მორთული. ღიობებს პროფილირებული ჩარჩოები მიუყვება. ფასადის სიბრტყეზე, გარკვეული ინტერვალით კანელურებიანი, ბრტყელი პილასტრებია მოცემული. სარკმლის ძირები, რელიეფური მართკუთხა მოხაზულობის სიბრტყეებითაა ხაზგასმული. თხელი რიზალიტითაა გამოყოფილი შენობის ძირითადი კორპუსის კუთხე. ამ მონაკვეთში ერთიანი, გრანდიოზული, თაღოვანი სარკმელია მოცემული, რომელსაც გადანაკეცებიანი, მასიური თავსართი ასრულებს. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული კარნიზით არიან გამიჯნული. შენობა კბილანებიანი კარნიზით სრულდება, რომლის თავზე, წყვეტილი პარაპეტია მოცემული. სწორედ აქ, მთავარ ფასადზე, პორტიკის თავზე აშენების თარიღია მოცემული. შენობა წარმოადგენს XX საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვან ნაგებობას, რომლის მხატვრულ სახეში დაცულია ქალაქისთვის დამახასიათებელი სამშენებლო ტრადიციები.