ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზვარე
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარე 1834 წლით დათარიღებული ჯამე აჭარული მეჩეთების ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშია. სწორკუთხა გეგმარების ხის ჯამეს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე (კრამიტის საბურავი შეცვლილია შიფერით), დაცულია მაღალი ოსტატობით შესრულებული ხეზე კვეთის ნიმუშებიც. ქვით ნაშენ საკმაოდ მაღალ სარდაფის სართულს ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი აქვს დაშენებული. გათლილი ქვით ამოყვანილი სარდაფი სწორკუთხა სარკმლებითა და დამოუკიდებელი კარით ნაწევრდება. სამლოცველო დარბაზი შიდა სივრცის ტრადიციულ ლიტურგიულ დანაწილებას ექვემდებარება.
ჯამე სოფელ ზვარეს ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს.