ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N1 / ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N19
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნინოშვილის ქ. 19 / დიმიტრი თავდადებულის ქ. 1საცხოვრებელი სახლიორი ქუჩის გასაყარზე მდგარი სახლი აშენდა 1905 წელს. თავიდან ის ერთსართულიანი იყო. ნინოშვილის ქუჩის მხარეს ამ თავდაპირველი ნაწილის ფასადი შელესილია და ზედ რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. შუაზე ფასადს მსუბუქი განტეხვა აქვს. მის მარცხნივ სამმაგი ფანჯარაა ვიწრო შუაკედლისებით ღიობებს შორის, მარჯვნივ _ შეწყვილებული (ერთი ფანჯარა მოგვიანებით ჩაჭრეს და მაღაზიის შესასვლელად აქციეს). საჭექი ქვები ფანჯრების მართკუთხა ღიობების თავზე რელიეფურად არის აქცენტირებული. შენობის კუთხე მომრგვალებულია. სადარბაზოს კარი სახლს დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან აქვს. თაღოვანი შესასვლელი ფლანკირებულია ფართო, ბრტყელი პილასტრებით, რომლებიც დაბალი დორიული კაპიტელებით სრულდება. ასეთივე, ოღონდ ორსაფეხურიანი პილასტრი აუყვება შუაკედლისს შესასვლელის მარჯვნივ მოწყობილ ორ ფანჯარას შორის. მათ აქეთ-იქით ანალოგიურად გაფორმებული კუთხის პილასტრებია. პირველ სართულს აგვირგვინებს პროფილირებული კბილანებიანი კარნიზი, რომელსაც პარაპეტი ადგას. შესასვლელის თავზე, პარაპეტის ორივე მხარეს გაკეთებულია ფრონტონებიანი კოშკურები. მოგვიანებით (სავარაუდოდ 1930-იან წლებში) სახლს დააშენეს მეორე სართული, რომელიც იმეორებს პირველი სართულის ფასადების დანაწევრების სქემას. კუთხის მომრგვალება აქ კიდევ უფრო აქცენტირებულია. შენობა XX საუკუნის დასაწყისის პატარა რიგითი საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია. დაშენება კორექტულად არის გაკეთებული. მის შედეგად სახლი უკეთ მოერგო ქუჩის საერთო მასშტაბს.