ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N9
ნაგებობის მოკლე დახასიათება
შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ერთ დროს სასტუმრო `რივიერა~ იყო, რომლის მეპატრონეც იყო ვინმე იოსიფიდი. სახლში სიცოცხლის გარკვეული პერიოდი (1918-21 წ.) გაატარა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ მემედ აბაშიძემ. 1992 წლიდან შენობის ნაწილში მისი სახელობის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.ორსართულიანი შენობის კიდურა, მარჯვენა ნაწილი მცირედად შვერილი რიზალიტითაა გამოყოფილი, რომელშიც სადარბაზოში შესასვლელია გაჭრილი; ეზოში შესასვლელი გვირაბი კი _ ფასადის ცენტრში. როგორც ბათუმის შენობათა დიდმა ნაწილმა ამ სახლის პირველმა სართულმაც გვიანდელი გადაკეთების შედეგად დაკარგა თავდაპირველი სახე. ამჟამად, ეს სართული სრულიად სადაა და კარ-სარკმელთა ღიობებითაა დაცხრილული. მხოლოდ სადარბაზოში შესასვლელ სწორკუთხა ღიობს შემოუყვება რუსტირებული მოჩარჩოება, შუაში საჭექი ქვით. შენობის მეორე სართული ნალესობაში ნაძერწი დეტალებითა და სხვადასხვა პროფილის მქონე ელემენტებითაა შემკული. მართკუთხა კარ-სარკმლებს პროფილირებული მოჩარჩოება შემოუყვებათ, რომელთა ზემოთაც კრონშტეინებზე დაყრდნობილი არქიტრავებია, ხოლო მათი ნაწილი ნაძერწი დეტალებით მორთული ფრონტონებით სრულდება. კრონშტეინები, ფრონტონები და არქიტრავები უხვადაა შემკული ფიგურატიული გამოსახულებებით, აქ გვხვდება როგორც ლომის თავის გამოსახულება, ასევე ჭაბუკის თავისა და რიგ ნაწილებში მათი სრული ფიგურებიც. მეორე სართულზე სხვადასხვა პერიოდის ლითონის აჟურულ მოაჯირებიანი და გადახურვიანი აივნებია მოწყობილი. შენობა წყვეტილი პარაპეტით სრულდებოდა, დარჩენილია მათი მცირე ნაწილი და ასევე ერთმანეთთან დამაკავშირებელი აჟურული მოაჯირის ერთი ფრაგმენტიც. ორსართულიანი შენობა კლასიცისტურ-ბაროკულ სტილშია გადაწყვეტილი. ის თავისი პროპორციითა და გაბარიტით ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე გამოირჩევა მაღალი სამშენებლო ოსტატობითა და დეკორატიული ელემენტების დახვეწილი გამოყენებით.