გ. მაზნიაშვილის ქუჩა N1 / მ. აბაშიძის ქუჩა N10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX ს-ის 20-იან წლებში აგებული შენობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. შენობის ვიტრინებით გახსნილ პირველ სართულზე თამბაქოს მრეწველის-ლაზარე ბინიათ ოღლის თამბაქოს ფაბრიკის მაღაზია და რესტორანი იყო გახსნილი. XX ს-ის 30-იან წლებამდე შენობა, ვაჰანიანისა და მათე რუსიძის კერძო სახლს წარმოადგენდა. შენობაში, თავად ნაკაშიძის მფლობელობაში არსებული სასტუმრო ,,ვერსალიც“ იყო განთავსებული.
შენობის კუთხე წაკვეთილია, მას მაღალი, თაღოვანი დასრულება აქვს. შენობის მანსარდის სარკმლის ქვემოთ ნაძერწ მცენარეულ დეკორში სახლის აშენების თარიღია მოცემული ,,1912“.
მეორე სართულის დონეზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი სარკმელია გადმოკიდული. მოგვიანო გადაკეთებების შედეგად, შენობის პირველ სართულს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დღეს ის, დიდი შემინული ვიტრინების ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის სარკმლებიც მართკუთხა ფორმისაა. ამ ფასადზე ყველა დეკორატიული ელემენტი სიბრტყობრივადაა გადაწყვეტილი და სხვადასხვა ფერითაა შემკული. კედლების სიბრტყე ამოღარული, კედლის სისქეში ჩაძირული, თარაზული ზოლებით დამუშავებული სვეტებითაა დანაწევრებული, რომელთა ზედა ნაწილებშიც წრეებია განაწილებული. სარკმლის ზემოთ, მცენარეულ ორნამენტებიანი მართკუთხა პანელებია ჩასმული. შენობა ნახევარწრიული მოყვანილობის პარაპეტის კედლებით სრულდება, რომლებიც ერთმანეთთან ლითონის აჟურული მოაჯირებითაა დაკავშირებული. ნაგებობა ,,არტ-ნუვოს“ სტილის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ბათუმში.