ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N1
ძეგლის მოკლე დახასიათება
ბათუმის ხელოვნების ცენტრის შენობა აიგო 1959 წელს, როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშათა კულტურის სახლი, არქიტექტორ გ. ერქომაიშვილის პროექტით. 2010-2011 შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია არქიტექტორ ვ. ხმალაძის პროექტით, რამაც შეცვალა მისი როგორც გარე სახე, ისე ინტერიერი. შენობა დგას ქუჩიდან მოშორებით. მის წინ პატარა სკვერი და აუზია. მთავარი ფასადი, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო რეკონსტრუქცია, საფეხუროვნად დაბლდება ცენტრიდან კიდეებისკენ. შუა ნაწილი წარმოადგენს ერთიმეორის ზემოთ გაკეთებულ ორ დიდ თაღს, რომლებშიც მინებია ჩასმული. ფასადზე შეიმჩნევა თანამედროვე მასალებით შექმნილი სადა ელემენტებისა (ლითონის მილისებრი სვეტები, მინის დიდი სიბრტყეები) და ძველი ხუროთმოძღვრებიდან ნასესხები მოტივების (ჩუქურთმიანი პანოები, ფანჯრების ჭვირული დეკორი) შერწყმის მცდელობა. იგივე ითქმის გვერდითა და უკანა ფასადებზეც. ცენტრს აქვს ვრცელი ვესტიბული, დიდი დარბაზი 1100 მაყურებელზე, საგამოფენო გალერეა (მესამე სართულზე), მცირე საკონცერტო დარბაზები და სხვა. ხელოვნების ცენტრი საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა ბათუმში. მისი რეკონსტრუქცია 2007-2012 წლებში ბათუმში ჩატარებული გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოების ერთი საინტერესო მაგალითია.