ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქ.N34 / პ. მელიქიშვილის ქ.N19
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. იგი წარმოადგენს მცირე მასშტაბის ერთსართულიან ნაგებობას. მაღალი ცოკოლის მონაკვეთი სრულიად სადაა, მასში სარდაფის პატარა საჰაერო ღიობებია ამოჭრილი. შესასვლელი სადარბაზო, მარჯვენა კუთხეში, კლდიაშვილის ქუჩის მხარესაა. ხის მოხარატებულ კარს ლითონის ცხაური აქვს, ზემოთ კი, ლითონის თაღოვანი ჩარდახი. ფასადებს თანაბრად ანაწევრებს სწორკუთხა ფორმის ფანჯრები, რომელთა გაფორმებაც სადა, მარტივ, პროფილირებულ მოჩარჩოებას წარმოადგენს. ფანჯრებს ძირში, ორივე ფასადზე გაუყვება პროფილირებული სარტყელი. ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებულია მართკუთხა არე, პროფილირებული მოჩარჩოებით. ფასადი კი, სრულდება დაბალი, პროფილირებული კარნიზით.