ქ.ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ.N15
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა წარმოადგენს მცირე მასშტაბის, გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსართულიან ნაგებობას, მაღალი სარდაფის მონაკვეთით, რომელშიც ფანჯრები გამოდის. მთავარი სართულის ფასადი ორ მონაკვეთად არის გაყოფილი. მარჯვენა მხარე, მცირედ გამოწეული რიზალიტით გამოდის, რომლის ფარგლებში სადარბაზოს კარი და ეზოში შესასვლელი ტალანია განთავსებული. ტალანის სწორკუთხა ღიობის თავზე, ლესვაში გამოყვანილი დაბრტყელებული თაღი გადადის, რომლის შიგნით, ღიობის ზემოთ, აგების თარიღი- ,,1902“ წელია გამოსახული. მის ზემოთ, ორი პატარა, სრულიად მოურთავი ფანჯარა გამოდის. ფასადის მარცხენა მონაკვეთში, მხოლოდ სამი ფანჯარაა, რომლებსაც განიერი მოჩარჩოება შემოუყვება და ძირში, ფასადის მთელს სიგრძეზე პროფილირებული სარტყელი გასდევს. ფანჯრების თავზე მოთავსებულია ქალის თავის გამოსახულებიანი მასკარონები, ხოლო, ფანჯრების ქვემოთ, მართკუთხა პროფილები. მოთავსებული. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით. ნაგებობა ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლის-ე.წ ,,ბელეტაჟის“ ტიპის საინტერესო, გემოვნებით გადაწყვეტილი ნიმუშია.