ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N6 - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N25
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებულ სახლში 20-იან წლებში, განთავსებული იყო სასტუმრო ,,დვორცოვიე ნომერა“, რომლის მფლობელი პორფირე ხაზარაძე გახლდათ. კლასიცისტური სტილის ელემენტებით გაფორმებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სამი ფასადით, გადის ორ ქუჩასა და ერთ ჩიხში. წაგრძელებულით ი. აბაშიძის ქუჩისკენ, მოკლეთი- მიმართულია ჩიხისკენ, სადაც მის მოკლე გვერდს ემიჯნება წაგრძელებული, ორსართულიანი სახლი და მათ შორის ასევე წაგრძელებული საერთო ეზოა. ნაგებობის ეკლექტიკური, ფსევდოკლასიცისტური, ფასადები შელესილია. ქუჩის დანარჩენი ნაგებობების მსგავსად I სართულზე მოწყობილია კომერციული მოცულობები, რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული მართკუთხა ღიობებით. ღიობთა შორის ი. აბაშიძის ქუჩისკენ ორი ერთმანეთის მსგავსი სადარბაზო შესასვლელია მოწყობილი ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით და ლითონის ჭვირული ორქანობიანი წინფრათი. ერთ-ერთ სადარბაზოში შემორჩენილია კონცენტრული წრეები ჭერზე. II სართულს გაუყვება მრუდწრეთარგიანი სარკმლების რიგი. სარკმლები მოჩარჩოებულია და აქვთ საჭექი ქვები. ფასადები სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა ტონით არის დაფერილი. II სართულზე შეკიდულია ლითონის ჭვირულმოაჯირიანი რვა აივანი. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით ნაშვერი თაროა, რომელსაც ძირზე დაუყვება საფეხუროვანი ფრიზი და სულ ზევით სრულდება მაღალი სადა პარაპეტით. სახლი L-ის გეგმარებისაა. შიდა ეზოს ფასადზე ნაწილობრივ შენარჩუნებულია ღია გალერეა-აივნები. I სართული ამჟამად მთლიანადაა სახეცვლილი მინაშენებითა და ჩაშენებებით.