სოფელ ზედა მახუნცეთის არქეოლოგიური ექსპედიცია
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში მარანის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას ახორციელებს (ექსპედიციის ხელმძღვანელი-თამარ შალიკაძე)
გათხრების დროს ერთ რიგად ჩალაგებული სამი დაზიანებული ქვევრი დაფიქსირდა, რომელთა დიდი ნაწილი გადარჩენილია, ნაწილი კი, პირ-კედლის ფრაგმენტების სახითაა დაცული. თითქმის ყველა მათგანი დაფარულია სამკაულით და განეკუთვნება რელიეფური ჭდეებით შემკული იმპორტული ქვევრების ტიპს.
წელს ამ
მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტში 130 00 ლარია გათვალისწინებული
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების არქეოლოგიური ექსპედიცია
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, "ქაშუეთის" უბნის
ტერიტორიაზე ნაეკლესიარისა და სამაროვნის შესწავლის მიზნით.
ამ ეტაპზე ნაეკლესიარის აღმოსავლეთითა და სამხრეთით აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, ზოგიერთ მათგანში დაფიქსირდა სამარხეული ინვენტარიც (ჯამები, სასმისები). ერთი სამარხი და ორი ქვევრი ნაეკლესიარის შიდა სივრცეშიცაა წარმოდგენილი იატაკის დონეზე.
ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სამარხების შესწავლის დროს აღმოჩნდა ასომთავრულით შესრულებული წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შემთხვევით იპოვა სოფლის მკვიდრმა. ქვაზე ამოკვეთილია: "ქრისტე შეიწყალე ბასილი და მისნი შვილნი".
მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტში 13000 ლარია გათვალისწინებული
მიმდინარე წელს განახლდა არქეოლოგიური კვლევა ახ. წ. VI საუკუნის ნაგებობის ჩრდილოეთ საზღვრის დასადგენად. როგორც აღმოჩნდა აღნიშნული შენობა საკმაოდ დიდი ზომისაა, ამდენად, წელს მისი დასრულება ვერ მოხერხდა.
ბიზანტიური ნაგებობის კედელი ორ ადგილას ჩაჭრილი იყო მოგვიანოდ, ოსმალების ციხეში ყოფნის დროს გაკეთებული წყალშემკრები კოლექტორის ორი, კირხსნარით შელესილი და კირქვის დამუშავებული ქვებით.
აღნიშნული შემკრები კოლექტორები ციხის წყალსადინარი ოთხი ტოტიდან გამომავალ წყალს კრებდა და ციხის გარეთ ანაწილებდა.
ციხის ამ უბანზე მიკვლეული არტეფაქტები მეტწილად ორი ეპოქის: ადრეშუასაუკუნეების ( VI საუკუნე) და ოსმალთა ციხეში ყოფნის ეპოქებს უკავშირდება.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი გათხრებით დავასრულებთ ახ. წ. VI საუკუნის ნაგებობის კონტურების გამოვლენას, შესაბამისად, უფრო არგუმენტირებულად ვისაუბრებთ ნაგებობის როგორც ფუნქციონალურ დანიშნულებაზე, ასევე სხვა, ციხის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ნაგებობებთან, ქრონოლოგიურ ურთიერთმიმართებაზე.
ექსპედიციის ხელმძღვანელი- არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი.