• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია.

    ამ ეტაპზე ასათიანის ქ. N.7 -ში არსებული ძეგლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასრულდა ხ.ახვლედიანის ქ.N15-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია, აღდგა ფასადზე არსებული დაზიანებული ორნამენტები, სარკმლების დეკორატიული არშიები, მოწესრიგდა წყლის ჟოლობების სისტემა. ზ.გამსახურდიას N19 ში არსებულ შენობაზე გამოიცვალა მთლიანად სახურავი. მალე დაიწყება აბაშიძის ქ.N 43-ში მდებარე შენობის ეზოს მხარეს დაზიანებული შუშაბანდის რეაბილიტაცია.

        

     

    ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო.
     
    პროექტით გათვალისწინებულია საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაცია; ეკლესიის სამხრეთ კოშკში ლითონის დაზიანებული კონსტრუქციის განახლება; კიბეების კონსტრუქციული გაძლიერება; ტაძრის დაზიანებული ვიტრაჟების განახლება (ვიტრაჟების დაშლა,ნაკლული ელემენტების ახლით ჩანაცვლება) ინტერიერში დაზიანებული კედლის მხატვრობის რეკონსტრუქცია და სხვ.( ბიუჯეტი 939 000 ლარი)
     
    გასულ წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.
     
    1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.
     
        
     
     

    ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია დაიწყო 

     

    ძენწმანის ჯამე  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება და თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს.  პროექტით გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის კედლების აღდგენა ტრადიციული ქვის წყობით, მოეწყობა სადრენაჟო სისტემა და ჰიდროიზოლაცია. დაზიანებული ხის მასალები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტული დეკორები აღდგება არსებული ნიმუშების მიხედვით.

    ზვარეს ჯამე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მე -19 საუკუნის  ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. შენობა ორსართულიანია და ქვის ცოკოლზე დაშენებულ ტრადიციულ ლაზური სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს.

    ასეთი მეჩეთების მშენებლობა ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატების ხელით ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისი მხატვრული ორნამენტებით და გაფორმებით  წარმოადგენენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს, ბორჯღალოს, ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია და ჩვენთვის მეტად საყურადღებო ნიმუშებს წარმოადგენენ.

    აღნიშნული ჯამეები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მრავალი მხატვრული ღირებულების მატარებელია და ამდენად მათი რეაბილიტაცია უაღრესად  მნიშვნელოვანია.

    პროექტი ორ წლიანია და მისი ბიუჯეტი ბიუჯეტი 650 000 ლარია;