პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოები დაიწყო
მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეტრას ციხის რეაბილიტაციის პროექტი.
2015-17 წლებში პეტრას ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელს, აღმოსავლეთ კედელს და დერეფნის უბანს.
2017 წელს სააგენტოს მიერ შესყიდული იქნა კონკურსის საფუძველზე პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გასულ წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, კერძოდ: მოეწყო ღობე.
მიმდინარე წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ითვალისწინებს ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, კაფის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები დასრულდება 2020 წელს. (სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია ,,ივერთმშენი’’ ბიუჯეტი -1750000 ლარი)
პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი.
აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ 2017 წელს ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).
პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.
ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.
ხინოწმინდის რეაბილიტაცია
ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია სააგენტოს ერთ-ერთი საინტერესო და უმნიშვნელოვანესი პროექტია, რასაც საკუთრივ ძეგლის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა განაპირობებს. ეკლესია სავარაუდოდ, IX საუკუნის ძეგლია და გვიანი ხანის ბაზილიკების რიცხვს მიეკუთვნება. ხინოს შესახებ ისტორიული ცნობები პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. XVI საუკუნიდან 1870-იან წლებამდე ხინოსწმინდის ეკლესია საეპისკოპოსო ცენტრი იყო და ამდენად, მისი რეაბილიტაცია განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონეა.
სამონასტრო კომპლექსის ტაძარს, რომელსაც სრულად ჰქონდა ჩაქცეული გადახურვა და თაღკამაროვანი სისტემა, 2017 წელს ჩაუტარდა პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა ტაძრის ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია. მიმდინარე წელს გაგრძელდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეს მოიცავდა გალავნის, მინაშენისა და სამარხების საკონსერვაციო სამუშაოებს. პროექტის ბიუჯეტი 70 000 ლარს შეადგენდა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუ“-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ: კ.გამსახურდიას ქ. N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესია, ნ.ჟორდანიას ქ N14 , მაზნიაშვილის ქ. N6/აბაშიძის N15 და გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის ქ.N23 -ში არსებული ძეგლები.
ქ.ბათუმი, კ.გამსახურდიას ქ. N35 (ბიუჯეტი - 700 000 ლარი)
ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ტაო-ტბელი’’.
ქ.ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. N6/აბაშიძის N15 (ბიუჯეტი - 754 590 ლარი)
შენობა XIX საუკუნის ბოლოს არის აგებული,1902 წლიდან აქ ჯერ საკრედიტო საზოგადოება,მოგვიანებით კი ბანკი იყო განთავსებული. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,იუკონი და კომპანია’’.
ქ.ბათუმი, გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის ქ.N23 (ბიუჯეტი - 147 089 ლარი)
აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს არის აგებული და მას მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება გააჩნია. შენობა თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა-აჭარის ა/რ კულტურის სამინისტრო, შრომის სასახლე,საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,იუკონი და კომპანია’’.
ქ.ბათუმი.ნოე ჟორდანიას N14 (ბიუჯეტი - 401 103 ლარი)
XIX საუკუნის ბოლოს აგებული საცხოვრებელი სახლი
სამუშაოებს აწარმოებს შპს ,, საქართველოს სამშენებლო ჯგუფი -XXI’’.
აღნიშნული შენობების რეაბილიტაციის პროექტები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.
მიმდინარეობს და მალე დასრულდება ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქუჩის 24 ნომერში მდებარე, XX ს-ის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 334 ათასი ლარია, შენობა პირვანდელი სახით აღდგება და შეინარჩუნებს ყველა ავთენტურ დეტალს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით გასულ წელს მომზადებულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ჭინკაძეების სახლის, ამავე მუნიციპალიტეტში არსებული ზვარეს მეჩეთის, ციხისძირში მდებარე ე.წ ,,უშაკოვის აგარაკისა’’ და გამსახურდიას N36- ში მდებარე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების (სახურავის რეაბილიტაცია) პროექტები. აღნიშნული პროექტების განხორციელება დეკემბრის თვეში დაიწყო.
ამ ეტაპისათვის დასრულებულია ჭინკაძეების სახლის, ზვარეს მეჩეთის, ,,უშაკოვის აგარაკისა’’ და გამსახურდიას N 36 -ში მდებარე სახლის (სახურავის) სარეაბილიტაციო სამუშაოები.