• EN
  • ge
  • არქეოლოგია 2019

    ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია

     მიმდინარე წელს  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე განახლდა ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. სამუშაოები ციხის სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში ჩატარდა.   ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე გამოვლენილია სხვადასხვა სახის არქიტექტურული ნაგებობები (აბანო, ყაზარმები, მონუმენტური ნაგებობები და ა.შ) და არქეოლოგიური მასალები. 

    საინტერესო იყო გონიოს ციხეში ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2  მონეტის აღმოჩენა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. 

     წელს დასრულდა არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები გონიოს ციხეში (ბიუჯეტი 81 000 ლარი) და ციხის ორი კოშკის რესტავრაცია  (ბიუჯეტი 25 000 ლარი)

     

    არქეოლოგიური გათხრები კურორტ „ბეშუმის“ მიმდებარედ

    მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მხარი დაუჭირა გოდერძის უღელტეხილის ეთნოარქეოლოგიურ კვლევის პროექტს. სააგენტოს დაფინანსებით გოდერძის უღელტეხილზე, კურორტ „ბეშუმის“ მიმდებარედ, ადგილ „ნაქალაქარზე“ მიმდინარეობდა არქეოლოგიური-სადაზვერვო სამუშაოები. გათხრებში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნუგზარ მგელაძე, არქეოლოგიურ სამუშაოებს კი პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი.

    „ნაქალაქარის“ ტერიტორია მდინარე ძინეს მარჯვენა შესართავის - ბეშუმის წყლის აუზში მდებარეობს. ამავე აუზში სხვა არაერთი ნამოსახლარია, რომელთაგან უმრავლესობა შეუსწავლელია. ბეშუმის, კერძოდ „ნაქალაქარის“ ძველი ნამოსახლარები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

     გათხრები ჩატარდა ნაქალაქარის მეორე და მესამე სამოსახლო ბორცვებზე. აღმოჩენილია მშრალი, დაუმუშავებელი ქვის წყობით ნაგები სათავსების კომპლექსები, სადაც დაფიქსირდა იატაკზე დაძერწილი მრგვალი ფორმის კერა, თონე, სამეურნეო ორმოები, ქვისა და თიხის ღუმელები. ასევე აღსანიშნავია მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო კერამიკა (ფრაგმენტების სახით), მათ შორის თხელკეციანი ნატიფად ნაძერწი ჭურჭლეულობა. სამოსახლოები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაგეგმარებისა და სამშენებლო ინჟინერიის თვალსაზრისითაც. დაგეგმილია აღნიშნული ნამოსახლარების პალეობოტანიკური და პალინოლოგიური ლაბორატორიული კვლევები.

    პროექტის ძირითადი მიზანია გოდერძის უღელტეხილზე შეიქმნას კულტურული ტურიზმის განვითარების ფართო პერსპექტივები და აჭარის მთა უფრო მიმზიდველი გახდეს ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისათვის.

     

     

     

    არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე

    არქეოლოგიური სამუშაოები ქობულეთის ფიჭვნარის დასახლებაში, ორ უბანზე წარმოებდა: ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V ს კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორ ამირან კახიძე.

    პირველი უბანი - ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთ-ერთი გორა-ნამოსახლარია, ჩვეულებრივ აქ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი- მე-5 ს კოლხური სამაროვანი, გამოჩნდა 7 სამარხი, ადგილობრივი ჭურჭლით, მძივებით.  

     

     

     

     

    არქეოლოგიური გათხრები გვარას ციხეზე

    მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა. ექსპედიციამ   დაასრულა ციხის შიდა ტერიტორიაზე გამოვლენილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების შესწავლა. შეისწავლა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ გალავანში ჩართული კოშკი. როგორც გაირკვა, თავის დროზე ციხეს შესასვლელი სწორედ ამ მხრიდან ჰქონია. კოშკი აკონტროლებდა ციხეში ამომავალ ერთადერთ გზას და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ციხის თავდაცვით სისტემაში. კოშკის შიდა სივრცეში იატაკის დონეზე აღმოჩნდა 9 ქვევრი.

    არქეოლოგიური გათხრების პარალელურად დანაწევრდა და ციხის გარეთ გაიზიდა გალავნის ჩაქცეული კედლების უმეტესი ნაწილი. გაივლო საკონტროლო თხრილები ციხის გარეთ- დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებთან. გაიწმინდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაც. გვარას ციხე ნიგალისა და მაჭახლის ხეობის გასაღები იყო. ამ ციხესთან გაივლიდა შავშეთისა და კლარჯეთისაკენ მიმავალი გზები. ციხის ძირითადი დანიშნულებაც მდ. ჭოროხისა და მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. იგი ყველა ეპოქაში თავისი ადგილმდებარეობით მიმზიდველი იყო და XI ს-დან XX ს-ის I ნახევრამდე დიდ როლს ასრულებდა მდ. ჭოროხის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში.