პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა შიდაციხის შემდეგ უბნებზე:
• შიდაციხის ჩრდილოეთის ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში არსებული ნაგებობის, ე. წ. „ცისტერნის“ უბანი. ნაგებობა გაიწმინდა და მომზადდა კონსერვაციისთვის.
• ექსპედიციამ შეისწავლა ტერიტორია აღმოსავლეთ კარიბჭის დასავლეთის მიმართულებით. ბაზილიკის მინაშენის კედელი გაგრძელდა დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ, აღნიშნული კედელი, ქრონოლოგიურად სხვადასხვა ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს. კედელი დასავლეთით სრულდება ნახევრადწრიული ფორმის წყობით, რომელიც მოქცეულია ბაზილიკის ჩრდილოეთ მინაშენისა და ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავს შორის. ეს აღმოჩენა სიახლეს წარმოადგენს. წინასწარი დაკვირვებით, ნახევრადწრიული ნაგებობა სამნავიან ბაზილიკაზე ადრეული ჩანს, რადგან იკვეთება ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის კედლით და შესაძლოა წარმოადგენდეს ადრე აღმოჩენილი ადრეული ნაგებობის კუთვნილებას.
• სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცეში გაითხარა აღნიშნულ ნაგებობაზე ადრეულად მიჩნეული ნაგებობის ნაშთები. კერძოდ, დაზუსტდა ამ უკანასკნელის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის კონტურები, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის წყობათა ურთიერთკვეთის სურათი.
• შესწავლილია ტერიტორია სამნავიანი ბაზილიკის დასავლეთი კედლის დასავლეთით და ჩრდილოეთით. აღმოჩნდა ფლეთილი და რიყის ქვებისგან შედგენილი გალავანი, რომელიც დასავლეთის ებჯინება ბაზილიკის ნართექსის NW კუთხეს, ხოლო ჩრდილოეთით უერთდება ადრე აღმოჩენილი გალავნის კედლის ნაშთს.
• არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა. ექსპედიცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.
არქეოლოგიური გათხრები გონიოს ციხეში
წელს გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია საველე სამუშაოებს ორ უბანზე აწარმოებდა.
• გათხრების შედეგად პირველ უბანზე გამოვლინდა ოსმალური და რომაული წყალგაყვანილობის სისტემები, რომაული ეპოქის საკანალიზაციო სისტემა და შენობის საძირკვლის წყობის ნაშთები. საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი ოსმალური და რომაული პერიოდის არტეფაქტებიც. ჩიბუხები, ფაიანსი, მოჭიქული კერამიკა, სინოპური ამფორები, ლუთერიები, სხვადასხვა სახის ქოთნის, ქვაბ-ქოთნისა და სამზარეულო ჭურჭლის ნატეხები. ირკვევა, რომ ციხის ამ მონაკვეთში რომაულ პერიოდში I-II სს-ში საკმაოდ ინტენსიური ცხოვრება ყოფილა, განსაკუთრებით II-III სს ყოფილა გამორჩეული. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა და შენობის საძირკვლის ნაშთები.
• მეორე უბანი ციხესიმაგრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს (NW XII). ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის არტეფაქტები. ამ უბანზე გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა II-III საუკუნით თარიღდება. ამფორების, ჯამ-ჭურჭლის, მინის და კრამიტების ფრაგმენტების პარალელურად აღმოჩნდა 6 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მათგანის ავერსზე იმპერატორი ადრიანეა (117-138 წწ) გამოსახული, ხოლო რევერსზე გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, ხელში დაფნის გვირგვინით.
• დიდ ინტერესს იწვევს უბანზე გამოვლენილი 3 წარწერა, რომელთაგან ერთი აგურზე დატანილი დამღაა და ციხესიმაგრეში მდგარ კოჰორტას უნდა ეკუთვნოდეს, მეორე ხელწისქვილზე ამოკვეთილი ლათინური ასოებია, ხოლო მესამე კი რომაელი ჯარისკაცის საფლავის ქვა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არტეფაქტი პირველად გამოვლინდა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე.