რომაული პერიოდის აფსაროსის ციხე-სიმაგრის ახალი აღმოჩენები
გონიო-აფსაროსის პოლონურ-ქართულმა ექსპედიციამ განაახლა გათხრითი და კვლევითი სამუშაოები გონიოს ციხეში. მეცნიერების ყურადღების ცენტრში ისევ აბანო (ბალნეუმი) და გარნიზონის მეთაურის სახლი (პრეტორიუმი) მოექცა. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე სწორედ ამ ნაგებობების ნანგრევებში აღმოჩნდა პირველი რომაული იატაკის მოზაიკა. მიმდინარე წელსაც კიდევ ერთი ფრაგმენტული მოზაიკა იქნა აღმოჩენილი. მთლიანობაში აღნიშნული ნაგებობებიდან ჩვენ უკვე გვაქვს ერთი კარგად შემორჩენილი და ორი ფრაგმენტული მოზაიკა. გარნიზონის მეთაურის სახლში მდიდრული აღმოჩენების ამგვარი აკუმულაცია დიდ იშვიათობას წარმოადგენს. პრეტორიუმი თარიღდება ახ. წ. მე-2 საუკუნის პირველი ათწლეულებით და დიდი ალბათობით ფლავიუს არიანეს აფსაროსში ვიზიტთან და ყოფნასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იმპერატორ ადრიანეს პირადი მეგობარი, არიანე, კაპადოკიის გუბერნატორი იყო. მან კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული გარნიზონების ინსპექტირება ჩაატარა და მისი ეს მოგზაურობა როგორც მწერალმა აღწერა. სწორედ ამ აღწერილობის წყალობით ვიცით რომ ეს მაღალი საიმპერატორო სტატუსის მქონე პირი პირადად ესტუმრა აფსაროსის ციხეს. დიდი ალბათობით ის აქ რამდენჯერმე დარჩა და ცხოვრობდა ისეთ სახლში რომელიც მისი მაღალი სტატუსის გათვალისწინებით შესაბამისად იყო მომზადებული. ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელები არიან პროფესორი შოთა მამულაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რადოსლავ კარასიევიჩ-სციპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტი).
არქეოლოგიური გათხრები გონიო აფსაროსში
2021 წლის მაის-ივნისში გონიო-აფსაროსში, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა 4 უბანზე. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ძირითადად დასრულდა მონუმენტური ნაგებობისა და მასთან არსებული აბანოს ნაშთების შესწავლა. აქ წინა წლების მსგავსად ერთ-ერთ ოთახში კვლავ დაფიქსირდა იატაკი მოზაიკის ნაშთებით. ერთ შენობაში მოზაიკის ამ რაოდენობის კონცენტრაცია მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს, ვფიქრობთ იგი აფსაროსში მდგომი გარნიზონების მეთაურის სასახლე უნდა ყოფილიყო. იქვე ახლოს მეორე უბანზე მდებარე ოთხკუთხა ნაგებობის შესწავლისას გაკეთდა სტრატიგრაფიული ჭრილები და დადასტურდა საკუთრივ რომაულ კულტურლ ფენაში რამოდენიმე საამშენებლო დონე, რომელთაგანაც მასალების სიუხვით გამოირჩევა ახ. წ. 2-3 სს. ფენა.
მესამე უბანზე, რომელიც ციხის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ოსმალური და ბიზანტიური კულტურული ფენების შესწავლის შემდეგ, საკუთრივ რომაულ კულტურულ ფენაში დაფიქსირდა 4 საამშენებლო ჰორიზონტი, დონე. დადასტურდა სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბაზებიანი ნაგებობების არსებობაც. მეოთხე უბანზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აღმოჩნდა რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ეპოქის ნაგებობათა ნაშთები.
წლევანდელი გათხრებისას გამოველენილია საკმაოდ საინტერესო არქეოლოგიური მასალაც: ამფორები, ლუთერიები, წითელლაკიანი კერამიკა, დამღიანი კრამიტები, მინისა და ლითონის ნაკეთობანი, მონეტები და სხვა. მათი დიდი ნაწილი შემოტანილია რომაული ეპოქის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და ხმელთაშუაზღვის აუზის სხვადასხვა საწარმოო ცენტრებიდან. კრამიტებზე დატანილი წარწერების მიხედვით შესაძლებელი ხდება საბოლოოდ განვსაზღვროთ აფსაროსში მდგომი ხუთივე კოჰორტის ხასიათიცა და სახელწოდებებიც.
სოფელ დარჩიძეებში ნაეკლესიარის შესწავლა მიმდინარეობს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით სოფელ დარჩიძეებში ნაეკლესიარის არქეოლოგიური გათხრები განახლდა.
ნაეკლესიარის შესწავლა გასულ წელს დაიწყო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართველოლოგიური კვლევების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდ. ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს აღმართულ ერთ-ერთ ქედზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ქილისასერის“, ზოგჯერ კი ,,ქვახიდისერის“ სახელწოდებით მოიხსენიებს. მცირე მასშტაბის სამუშაოების შედეგად შესწავლილია X საუკუნის ნაეკლესიარის მხოლოდ შიდა სივრცე იატაკის დონემდე. გამოიკვეთა ცოკოლი, შემორჩენილი დარბაზის კედლის წყობის ერთი რიგი და ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდის კედლის ნაწილი, რომელსაც საპირე ქვები შემოცლილი აქვს, გარდა ერთისა. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩენილია კაპიტელების, ქვაჯვარისა და ქვასვეტების ფრაგმენტები. ყურადღებას იქცევს ცხოველთა პროტომები (ლომისა და ხარის). სკულპტურული გამოსახულებები ხშირად გვხვდება ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების ტაძრებზე, მაგრამ აჭარაში მათი აღმოჩენის პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სხვა არტეფაქტებიდან წარმოდგენილია კერამიკული ნაკეთობანი და ზიარებისათვის განკუთვნილი რკინის კოვზი.
ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები არ დასრულებულა. შესასწავლია იატაკი და ნაგებობის გარე სივრცე: ხელოვნურად მოსწორებული მოედნები თუ ტერასები, სადაც მიმობნეულია გადმოქცეული კედლის ნაშთები; ალაგ-ალაგ გვხვდება მშრალი წყობები. დიდი ზომის მონოლითები (უფორმო), რომელთაც აჩნია ბასრი საგნით ჩატარებული კვეთის კვალი, რაც სამშენებლო ქვის ადგილზე დამუშავების ვარაუდს იძლევა. შესასწავლია ასევე ეკლესიასთან არსებული სამაროვანიც. საყურადღებოა რომ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად ნაეკლესიარი დღემდე განიცდის განუწყვეტელ რღვევას
საპროექტო ობიექტზე შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზემო აჭარაში საეკლესიო ხუროთმოძღვრების, სამშენებლო ხელოვნების, ქრისტიანული მსოფმხედველობისა და რიგი სხვა საკითხების შესწავლის საქმეში. ასევე კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ძეგლის დაცვის მიზნით სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებაც.
ამ ეტაპზე დარჩიძეების ნაეკლესიარისა და მის შემოგარენში საველე არქეოლოგიური კვლევა გაგრძელდა ნაეკლესიარის შიდა ტერიტორიაზე (იატაკისა და სავარაუდო სამარხების) ასევე დაიწყო გარე კედლების გაწმენდა-შესწავლა: საკონტროლო თხრილების საშუალებით დაზუსტდება ეზოს ტერიტორიასა და ტერასებზე უძრავი კულტურული ფენების (სხვა ნეგებობების ნაშთებისა და სამარხების) არსებობა და გავრცელების საზღვრები.