ხუცუბნის ხიდი
ხუცუბნის ხიდი მდებარეობს სოფელ ხუცუბანში,მდინარე კინტრიშზე. ხიდი აშენებულია 1924 წელს, იტალიური წარმოშობის არქიტექტორ ავგუსტუ ვერცის მიერ.აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხიდს ჩაუტარდა რესტავრაცია. სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია- შპს-,,თბილსათბომშენმა''.
უჩხოს თაღოვანი ხიდი
დაბა ხულოდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, სოფელ უჩხოში მდებარეობს XI- XIII საუკუნეებით დათარიღებული თაღოვანი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ უჩხოს ხევის ორ ნაპირს.
გადმოცემის თანახმად ხიდი აგებულია თამარ მეფის მმართველობის პერიოდში და წარმოადგენდა გურია-აჭარის მესხეთ ჯავახეთთან დამაკავშირებელ უმოკლეს საქარავნე გზას. ხიდის სიგრძე შეადგენს 7.5 მეტრს, შუა წელის სიფართე 2,5 მ. მარჯვენა მისასვლელის სიფართე 2,8 მეტრი, მარცხენა მისასვლელის სიფართე 2,7 მეტრი. ხიდის მაქსიმალური სიმაღლე წყლის დონიდან ხიდის თავამდე 4,6 მეტრი. თაღის სისქე შუა წელში 40 სმ-ია. დღეს ის მხოლოდ საცალფეხო გადასასვლელედ გამოიყენება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით უჩხოს ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს-,,არქიტექსი''.
მირვეთის თაღოვანი ხიდი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, აჭარისწყლის გადასაქცევიდან 7 კმ-ის დაშორებით. ხიდი სავარაუდოდ აგებულია XI-XIII საუკუნეებში. ხიდს ბურჯებად ორივე მხარეს აქვს ბუნებრივი კლდე. ხიდის პარამეტრებია: სიგრძე-12მ, სიგანე შუა წელში- 2მ, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდამდე- 5მ, თავბანდის სიმაღლე 52 სმ, მარჯვენა მისასვლელის სიგანე-4.20მ, მარცხენა მისასვლელის სიგანე- 3.5მ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხიდს ჩაუტარდა რესტავრაცია. სარესტავრაციო სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს-,,ტაო-ტბელმა''.
საღორეთის "მიწის" თაღოვანი ხიდი
მიწის ხიდი აგებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ საღორეთში, აგარისწყლის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე ჭანჭახეთზე, ვიწრო და კლდოვან ადგილზე. ხიდის მისასვლელთან მალი შედარებით მცირეა და უდრის 7 მეტრს, მალის სიმაღლე 2,3 მეტრია. ხიდის საერთო სიგრძე 16 მეტრს უდრის, მისი სიგანე კი 2,6 მეტრია.
ხიდის ბურჯი დაშენებულია ბუნებრივ კლდეზე და მისი სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 4,64 მეტრია, ბურჯის სიმაღლე 1,16 მეტრი, სიგანე – 2,62 მეტრი. ხიდის ბურჯებს ეყრდნობოდა თაღი, რომელსაც წრიული ფორმა აქვს და აშენებულია გათლილი, სუფთა ქვებით. ხიდის თაღი შედგება ორი ნაწილისაგან – თვით კონსტრუქციისაგან და გალავნისაგან. ხიდის მისასვლელები ნაგებია ფლეთილი ქვებით. სამშენებლო ტექნიკა სხვა ხიდებთან შედარებით დახვეწილია. ამ თვალსაზრისით მასთან ახლოს დგას მახოს ხიდი. სავარაუდოდ, მიწის ხიდი შუა ფეოდალური(XI_XIIIსს) ხანის ძეგლი უნდა იყოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხიდს ჩაუტარდა რესტავრაცია.სამუშაოების წარმოება უზრუნველყო შპს-,,ტაო-ტბელმა''.