აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დაიწყება უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღემდე ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება არ განხორციელებულა.
ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან 2335 მეტრ სიმაღლეზე.
ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. მის კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები, როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და დღემდე შემორჩენილი ჭა.
აღსანიშნავია, რომ ციხეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნდა. როცა მტერი თბილისისა და გორის სიმაგრეების სძლევდა, ქართველი დიდებულები ხიხანს აფარებდნენ თავს.
მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთ–ერისთავ აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით 2013 წლისათვის რეაბილიტირებული იქნება ხიხანის ციხის 2 კოშკი.
პეტრას ციხე
პეტრას ნაქალაქარი მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფ.ციხისძირში, ბათუმიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ის მანძილზე. პეტრას, როგორც ისტორიული ლაზიკის ცნობილი ციხე-ქალაქისა და საეპისკოპოსო ცენტრის, შესახებ ცნობები შემონახულია VI-IX სს. ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში (იუსტინიანეს ნოველები, პროკოპი კესარიელის თხზულებები, კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხები), რომელთა მიხედვით, ლაზიკის სამხრეთ საზღვარზე, ზღვასთან, უმნიშვნელო დაბის ადგილას, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ბრძანებით, გაშენდა ქალაქი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ბიზანტია-ირანს შორის ლაზიკისათვის წარმოებული ომის დროს. კლდოვან ადგილას გაშენებულ ქალაქს პეტრა უწოდეს, რაც ბერძნულად “კლდეს, ქვას” ნიშნავს. VI-IX სს პეტრა იხსენიება როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში შემავალი ლაზიკის სამეფოს ერთ-ერთი ეპარქიის ცენტრი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით იგეგმება პეტრას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პროექტის შესყიდვა, რომლის შედეგადაც დაიწყება ციხის რეაბილიტაცია.
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი
გონიო-აფსაროსის ციხე (საერთო ფართობი 4,75 ჰა) მდებარეობს მდ. ჭოროხის (ძველი აფსაროსი/აკამფსისი/ჰარპასოსი) მარცხენა სანაპიროზე. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.). რომაულ-ბიზანტიური წერილობითი წყაროების თანახმად, დაახლოებით ამ პერიოდს განეკუთვნება აფსაროსის როგორც დასახლებული პუნქტის წარმოქმნა. სტეფანე ბიზანტიელის, არტემიდორე ეფესელის, არიანეს, პროკოფი კესარიელის და სხვათა ცნობებით აფსაროსის სახელწოდება უკავშირდება არგონავტების აია-კოლხეთში ლაშქრობას, მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და აქვე დაკრძალვას. არქეოლოგიური მონაცემებით პირველი სამოსახლოები გონიოში ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში ჩნდება. ინტენსიური ცხოვრება გრძელდება ძვ. წ. V-I საუკუნეებშიც. ციხე ახ.წ. I საუკუნეში რომაელებმა ააგეს. აფსაროსის საფორტიფიკაციო ნაგებობას პირველად ახ.წ. 77 წ. დათარიღებულ ნაშრომში გაიუს პლინიუს სეკუნდუსი მოიხსენიებს. I-III საუკუნეებში აფსაროსი რომის აღმოსავლეთი საზღვრის სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აქ იდგა ხუთი დამხმარე კოჰორტა (1200-1500 კაცი). პროკოფი კესარიელის (ახ.წ. VI ს.) თანახმად აფსაროსში ამფითეატრი და ჰიპოდრომი ფუნქციონირებდა.გონიოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების შენობა-ნაგებობათა (აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, წყლის ცისტერნები, ჭები და ა.შ.) ნაშთები მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალით.
2013 წლისათვის დაგეგმილია გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალის არქეოლოგიური უბნების კონსერვაციის პროექტის შესყიდვა,რომლის საფუძველზეც მოხდება ამ უბნების რეაბილიტაცია-კონსერვაცია.