• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ქ.ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24 ში მდებარე XX ს-ის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

    აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს იბექსმა’’ (ბიუჯეტი- 337 000 ლარი) შენობა პირვანდელი სახით აღდგა და შეუნარჩუნდა ყველა ავთენტური დეტალი.

     

      

    პეტრას ციხის რეაბილიტაცია
     

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეტრას ციხის რეაბილიტაციის პროექტი.

    ციხე–ქალაქ პეტრას სახელწოდება კლდოვანი რელიეფის გამო შეერქვა, ხოლო მისი მშენებლობა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელს უკავშირდება. ბიზანტიური წყაროების მიხედვით, პეტრა, ისტორიული ლაზიკის ციხე-ქალაქი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი საეპისკოპოსო ცენტრი იყო. იგი ადრეფეოდალური ხანის უბრწყინვალესი ძეგლია და მისი არქეოლოგიური შესწავლა საქართველოს ისტორიის არაერთი საინტერესო ეპიზოდის რეკონსტრუქციის საშუალებას გვაძლევს. ბოლო წლებში სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა. არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად, სააგენტო ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ციხის თავდაპირველი დაგეგმარება. 2018 წელს დასრულდა პეტრას ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო გასულ წელს დაიწყო მუშაობა პროექტის სრულად განხორციელებაზე. რაც ითვალისწინებდა ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. (სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია ,,ივერთმშენი’’, ბიუჯეტი- 2 200 000 ლარი) პროექტის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - პეტრა საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი იქნება.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამღებრო და ავეჯის მოწყობის სამუშაოები. 200 000 ლარის ტენდერი გამოცხადდა შშმ პირების 6 ლიფტის მოწყობაზე

     

        

     

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’’-ს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (ბიუჯეტი - 700000 ლარი) ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა. ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ტაო-ტბელი’’.

     

     

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით გონიო-აფსაროსის ციხის გარე პერიმეტრზე დასრულდა ბილიკებისა და ციხის შიდა ტერიტორიაზე ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები.