• EN
  • ge
  • არქეოლოგია 2022

     გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. ✅️ამ ეტაპისათვის არქეოლოგიური სამუშაოები ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთებში ხორციელდება. მიკვლეულია რომაული ეპოქის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა ნაშთებს და ამავე პერიოდის მდიდარ არქეოლოგიურ მასალას. მათ შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რომაული გარნიზონის მეთაურის ნაგებობის კიდევ ერთი ცალკეული ნაწილის აღმოჩენაც, რომელიც მკვლევართა მოსაზრებით საქმისწარმოებისთვის იყო განკუთვნილი. ამასვე ცხადყოფს ამ ტერიტორიის არეალში მოპოვებული სხვადასხვა არტეფაქტიც, როგორიცაა თიხის სამელნეები და ჭრაქები. აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. კანცელარიისათვის განკუთვნილი სივრცე, და ზოგადად, ამ ტიპის სამსახური ნებისმიერი რომაული ციხე-სიმაგრისათვის იყო დამახასიათებელი. არქეოლოგიური სამუშაოები კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

          

     

    შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების ნაეკლესიარის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ტარიელ ებრალიძე) ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდ. ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს აღმართულ ერთ-ერთ ქედზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ქილისასერის“, ზოგჯერ კი ,,ქვახიდისერის“ სახელწოდებით მოიხსენიებს. წინა წლებში სამუშაოების დროს გამოვლინდა მეტად საინტერესო არტეფაქტები, კერძოდ: კერამიკული ნაკეთობანი და ზიარებისათვის განკუთვნილი რკინის კოვზი. ასევე ცხოველთა პროტომები (ლომისა და ხარის). მიმდინარე წელს, სამაროვნის შესწავლის მიზნით სამუშაოები გრძელდება ეკლესიის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების გასწვრივ და აგრეთვე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. დაგეგმილია მისი შემოგარენის დაზვერვა.

          

     

    ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის (აკავრეთას) ხეობაში, კერძოდ სოფელ ნამონასტრევში განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. (ექსპედიციის ხელმძღვანელი ნარგიზ სურმანიძე)
    გასულ წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა დარბაზული ტიპის ნაეკლესიარი.(ქვევრის, კეცის, ქოთნის და დოქის ნატეხები და თითქმის მთლიანად დაცული თიხის სასანთლე)
    ამ ეტაპზე კვლევები წარმოებს ნაეკლესიარის აღმოსავლეთ და სამხრეთ მონაკვეთში. გამოიკვეთა კლდოვანი მასივი, რაც ამ მონაკვეთში სავარაუდოდ სამარხების არსებობას გამორიცხავს. პარალელურად მიმდინარეობს ნაეკლესიარის მიმდებარე ტერიტორიების დაზვერვები.