• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია
    ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია გრძელდება.
     
    პროექტით გათვალისწინებულია საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაცია; ეკლესიის სამხრეთ კოშკში ლითონის დაზიანებული კონსტრუქციის განახლება; კიბეების კონსტრუქციული გაძლიერება; ტაძრის დაზიანებული ვიტრაჟების განახლება (ვიტრაჟების დაშლა,ნაკლული ელემენტების ახლით ჩანაცვლება) ინტერიერში დაზიანებული კედლის მხატვრობის რეკონსტრუქცია და სხვ.( ბიუჯეტი 939 000 ლარი)
     
    გასულ წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.
     
    1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.
     
        
     
     

    ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია გრძელდება.

     

    ძენწმანის ჯამე  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება და თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს.  პროექტით გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის კედლების აღდგენა ტრადიციული ქვის წყობით, მოეწყობა სადრენაჟო სისტემა და ჰიდროიზოლაცია. დაზიანებული ხის მასალები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტული დეკორები აღდგება არსებული ნიმუშების მიხედვით.

    ზვარეს ჯამე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მე -19 საუკუნის  ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. შენობა ორსართულიანია და ქვის ცოკოლზე დაშენებულ ტრადიციულ ლაზური სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს.

    ასეთი მეჩეთების მშენებლობა ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატების ხელით ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისი მხატვრული ორნამენტებით და გაფორმებით  წარმოადგენენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს, ბორჯღალოს, ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია და ჩვენთვის მეტად საყურადღებო ნიმუშებს წარმოადგენენ.

    აღნიშნული ჯამეები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მრავალი მხატვრული ღირებულების მატარებელია და ამდენად მათი რეაბილიტაცია უაღრესად  მნიშვნელოვანია.

    პროექტი ორ წლიანია და მისი ბიუჯეტი 650 000 ლარია; 

     

      

     

    ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

     

    სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის ნაწილს, კერძოდ: შეიცვალა შენობის გადახურვის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, მოეწყო კარ-ფანჯრები და  ღობე.

    სააგენტო მუშაობას იწყებს  შენობის ინტერიერის დიზაინზე. იგი ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ. შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზაზე ქართული საზოგადოება მიიღებს კიდევ ერთ ახალ, საინტერესო და მიმზიდველ კულტურულ ცენტრს.

    XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლი საინტერესო გეგმარებითა და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება. იგი ამ დროის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ სახლთან ჩაქვისა და ზოგადად იმ დროის ბათუმის ეკონომიკური განვითარების საინტერესო ისტორიები და ბიოგრაფიებია დაკავშირებული. 1893 წელს საქართველოში ლაო ჯინ ჯაო სამი წლით მოიწვიეს, თუმცა მან აქ 30 წელი იცხოვრა და ქართული ჩაის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.