• EN
  • ge
  • არქეოლოგია 2024

     არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ზედა მახუნცეთში

     
     აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა მახუნცეთში შუასაუკუნეების მარნის არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.
      წლევანდელი სამუშაოების შედეგად დაზუსტდა მარნის ფართობი და ტიპი. ქვევრების დაფლვის მეთოდები. მარნის ფუნქციონირების დაახლოებითი თარიღი და სხვ. მოხდა გამოვლენილი ქვევრების გაწმენდა-პრეპარაცია. ქვევრებიდან შემდგომი კვლევისათვის აღებულ იქნა კარპოლოგიური და პალინოლოგიური მასალები, რომელთა კვლევა საინტერესო შედეგების მომცემი იქნება. (ექსპედიციის ხელმძღვანელი-თამარ შალიკაძე)
      
     
          
     

    პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

     

    ️  მიმდინარე წელს განახლდა არქეოლოგიური კვლევა პეტრაც ციხის შიდა  ტერიტორიაზე. სამუშაო უბანი განისაზღვრა ციხის დასავლეთ მონაკვეთით, სადაც  გრძელდება გათხრები ბიზანტიური ეპოქის ნაგებობის შესწავლის მიზნით.

    ️  აღნიშნული ნაგებობა, რომელიც კერამიკული ფილებისა და დამუშავებული ქვების კომბინირებით არის ნაგები, მიემართება ჩრდილოეთით და მისი სიგრძე უკვე ცდება ნაგებობისთვის ჩვეულ პარამეტრებს და ერთგვარი გალავნის იერსახეს იძენს. როგორც წესი, კედლის აღმოსავლეთ მხარეს, დიდი რაოდენობით ამფორები (მთლიანი და ფრაგმენტები) არის დაფიქსირებული, რაც ნაგებობას ადრებიზანტიური ხანით ათარიღებს. იმავდროულად, დასრულდა შესწავლა ბაზილიკის დასავლეთი კედლისკენ მიმართული წყალსადენის დამოუკიდებელი ტოტის, რომლის შიდა სივრცე დამუშავებული ქვებით შედგენილი  კედლებით და იატაკით არის ნაგები, ხოლო გადახურვისთვის, განსხვავებით ადრე აღმოჩენილი სადინარებისგან, კირქვის ფილებთან ერთად დუღაბი არის გამოყენებული. გაირკვა, რომ სადინარის აღნიშნული ტოტი ბაზილიკის დასავლეთით  მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი  წვიმის წყლის დრენაჟისთვის უნდა ყოფილიყო მოწყობილი. (ექსპედიციის ხელმძღვანელი გია თავამაიშვილი).

     

            

    ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

     

     აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს ჭვანის-ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გასული საუკუნის 80-იან წლებში ციხის შიდა და გარე ტერიტორიაზე შესწავლილი ნაგებობების როგორც კვლევით, ისე გაწმენდით სამუშაოებს.

     სამუშაოების მიზანია, ციხის მშენებლობისა და ფუნქციონირების, აქ არსებული მარნების, თონეების და სხვა შენობა-ნაგებობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, სათანადო ფიქსაცია და მათი მომზადება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის

    ოთოლთაც ციხის არქეოლოგიური სამუშაოებისთვის გამოყოფილია 31 000 ლარი.