ქ.ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N23
მაცხოვრის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია 1874 წელს აიგო. იგი ხის ნაგებობას წარმოადგენდა. 1887 - 1898 წლებში ადგილობრივი მრევლის შემოწირული თანხითა და ცნობილი ნავთობმწარმოებლის და მეცენატის ა.მანთაშევის დაფინანსებით ხის ეკლესიის ადგილას, ქვის ახალი ტაძარი ააშენეს. ეკლესიის პროექტი ავსტრიელ არქიტექტორ რ.მალფერდს ეკუთვნის.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია დაიხურა და შენობაში პლანეტარიუმი გაიხსნა. 1992 წელს ეკლესია სომეხ მრევლს დაუბრუნდა და 1995 წლიდან განაგრძო ფუნქციონირება.
ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის დასავლეთი ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის. ორსაფეხურიან ცოკოლზე მდგარი ეკლესია ქვითა და აგურითაა ნაგები. მას სამწახნაგა შვერილი აფსიდი აქვს, რომელიც ნახევარწრიულ სვეტებზე გადაყვანილი ექვსი თაღითაა შემკული. თაღნარი შემოუყვება თორმეტწახნაგა გუმბათის ყელსაც, რომლის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. ტაძრის ინტერიერი შელესილი და შეღებილია, შელესილია ასევე გუმბათის ყელიც. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე-სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს მეორე სართულზე ფანჩატურია მოწყობილი. ნაგებობას ხერხულა კარნიზი შემოუყვება. ეკლესია კარგი სამშენებლო ოსტატობით გამოირჩევა და ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს.