ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N32
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული, უცნობი თურქი მოქალაქის მიერ, რომლის სახელი და გვარიც არ შემორჩა. ქვით და აგურით ნაგები ერთსართულიანი სახლის სადარბაზო ფასადის ცენტრიდან მარცხნივაა გაჭრილი. მის ორივე მხარეს სარკმლის სწორკუთხა ღიობებია განლაგებული, რომლებსაც პროფილირებული საპირეები შემოუყვებათ. სარკმლებს კრონშტეინებზე დაყრდნობილი არქიტრავებიანი თავსართები ამკობს, ხოლო ქვედა დონეზე პროფილირებული სარტყელი გაუყვებათ. სახლს გააჩნია პროფილირებული ლავგარდანი, რომელსაც ქვემოთ მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ტალღისებური მოტივისაგან შემდგარი ორნამენტული ზოლი მიუყვება. სახლი გამოირჩევა როგორც მოდერნული ელემენტებით შემკული ფასადებით, ასევე, მაღალი სამშენებლო ოსტატობით.