ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N28
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა წარმოადგენს აგურით ნაგებ მოზრდილი მასშტაბის ნაგებობას, რომელიც გეგმაზე П ფორმისაა და განვითარებულია ეზოსკენ. ქუჩაზე მხოლოდ ერთი ფასადი გამოდის. ფასადის ძირითადი ნაწილი შეულესავია და მოპირკეთებულია აგურით. მხოლოდ ცოკოლის მონაკვეთს აქვს დეკორატიული ნალესობა რუსტირების სახით. ცოკოლის არეში გამოდის ნახევარსარდაფის ფანჯრები. ფასადის შუა ნაწილი აქცენტირებულია როზალიტით. მასში განთავსებულია სწორკუთხა, მაღალი და განიერი ტალანი, რომლითაც შიდა ეზოში შევდივართ. ტალანის თავზე, მეორე სართულამდე დაბალი ოთახია, რომელიც ფასადზე ორი თაღოვანი ფანჯრით გამოდის. როზალიტის პირველი სართულის კუთხეები შელესილია და დასერილია ჰორიზონტალური ღარებით, რაც მძლავრი პილასტრების შთაბეჭდილებას ტოვებს. როზალიტის არეში, მეორე სართულზეც ორი თაღოვანი ფანჯარა გამოდის, რომლებსაც ქვაში გამოყვანილი შეწყვილებული ლილვები აუყვება და გადაევლება ლილვოვანი თაღი. ფანჯრების შუაში აგურში გამოყვანილი საჭექი ქვის იმიტაციაა. ეს ორი ფანჯარა ორივე მხარეს, როზალიტის კუთხეებში ფლანკირებულია აგურში გამოყვანილი შეწყვილებული ვიწრო პილასტრებით, რომლებსაც ქვის ბაზისები და აგურითვე გამოყვანილი კაპიტელი აქვს. როზალიტს ასრულებს კარნიზი, რომელიც მთელს ფასადზეც გრძელდება და მხოლოდ მის თავზე არსებული მართკუთხა პარაპეტი, რომელშიც თაღოვანი არეა აგურებით შექმნილი და მრუდხაზოვანი ფრონტონის სახეს ქმნის. ფასადის დანარჩენი ნაწილი ერთგვარადაა გადაწყვეტილი. სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრებს სადა მოჩარჩოება შემოუყვება, რომელსაც ზემოთ საჭექი ქვის იმიტაცია ასრულებს. ნაგებობის შიდა ეზო დიდწილად სახეცვლილია შემდგომი გადაკეთებებით. მხოლოდ ერთ მონაკვეთში ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ძველი შუშაბანდის ფრაგმენტის დანახვა.