ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვ. გულები
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებში მდებარე ჯამე აჭარული მეჩეთების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ამჟამად მიტოვებულია. იზოლირებულად მდგომი ხის ორსართულიანი ჯამე ძლიერად შვერილი კარნიზით და დახვეწილი პროპორციების მქონე სადად შეფიცრული ფასადებით იქცევს ყურადღებას. ჯამე თავდაპირველი სახით არის დღემდე მოღწეული და მით უფრო განსაკუთრებულია მისი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა. ჯამე წარმოდგენილია აჭარული მეჩეთებისთვის დამახასიათებელი კვადრატს მიახლოებული გეგმარებით, საფასადო გადაწყვეტით, როდესაც აქცენტირებულია ჩრდილოეთის ფასადი - ერთადერთი შესასვლელი კარითა და პირველი სართულის ღია სვეტებიანი აივნით, სწორკუთხა სარკმლებით სიმეტრიულად დატიხრული ფასადებით (თითოეულ ფასადზე სამი სარკმელია გაჭრილი) და, რა თქმა უნდა, უნიკალური ხეზე კვეთის ნიმუშებით, რომელიც თვალისმომჭრელად მდიდრულ იერს ანიჭებს მის ინტერიერს.