ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N24 / ხულოს ქუჩა N1
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისის გეგმით მართკუთხა, ორსართულიანი შენობა მთავარი გრძივი ფასადით გოგებაშვილის ქუჩაზე გადის, მოკლე გვერდის ფასადით ხულოს ქუჩაზე, ხოლო უკანა ფასადით ჭკალოვის ქუჩაზე. შენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულადაა გაფორმებული, კლასიცისტური სტილისა და ცალკეული ბაროკული ელემენტებით. ფასადის კუთხეებსა და შუა ნაწილში რიზალიტებითაა გამოყოფილი. სადარბაზოს კარი შუა რიზალიტშია განთავსებული. ნაგებობის პირველი სართულის საფასადო სიბრტყე პროფილირებული ქვის ზოლებისა და მათ შორის დატოვებული აგურის შეულესავი წყობის მონაცვლეობითაა გაფორმებული. მეორე სართულის საფასადო სიბრტყით გაფორმებას ორდერის სისტემა უდევს საფუძვლად: ქვედა ნაწილში პირობითი ცოკოლის სარტყელია, შემდეგ კუთხეებთან გამართული მრგვალი პილასტრებია, რომლებსაც ანტაბლემენტი და კარნიზი ეყრდნობა. პროფილირებულ კარნიზს ქვემოთ კბილანების მწკრივი მიუყვება. რიზალიტების კარნიზს სადა წრიული მედალიონები ამშვენებს. ღიობების მოხაზულობა განსხვავებულია, რიზალიტებში სწორკუთხა ღიობებია და შუა კედლისებში თაღოვანი. შუა რიზალიტს ქერცლოვანი თუნუქის გადახურვის მქონე შპილიანი მანსარდის სათავსი ასრულებს. შენობის დანარჩენი ფასადები მსგავსადაა გადაწყვეტილი. შენობა სოლიდური ზომის ნაგებობაა, რასაც ემატება მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება.