ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N11
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი აგურის შეულესავი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მისი ცენტრალური მონაკვეთი აქცენტირებულია მსუბუქად შვერილი რიზალიტით, რომლის პირველი სართული ეზოში შესასვლელი ტალანის თაღოვან ღიობს უკავია. ღიობის თავზე ლითონის აივანი გამოდის, ხოლო უშუალოდ რიზალიტს მრუდხაზოვანი პარაპეტი ასრულებს. ძირითადი საფასადო სიბრტყის პირველი სართული განიერი ვიტრინებით არის გახსნილი, ხოლო მეორე სართულს მშვილდთაღოვანი ღიობები ანაწევრებს. ფანჯრების თაღების თავზე აგურით ფრონტონებია გამოყვანილი, რაფების ქვეშ კი კედლის ზედაპირიდან ჩაწეული მართკუთხედები. ეზოს ფასადებს თავდაპირველი არქიტეტქურული სახე სრულიად აქვს დაკარგული. სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია. ის კარგად ეწერება ქუჩის ისტორიულ განაშენიანებაში.