ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N45 / სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N42
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბათუმის სახანძროს შენობა XIX საუკუნის ბოლოს აიგო. ორი ქუჩის კვეთის მომცველი ორსართულიანი შენობა თავის დროზე ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა იყო. იმდროინდელი ქალაქმშენებლობითი რეგულაცია მის სათვალთვალო კოშკურაზე მაღალი სახლის აგებას კრძალავდა. ლათინური L-ის ფორმის შენობა შელესილია და წითლად არის შეღებილი. მის გრძელ ფასადებს პირველ სართულზე სწორკუთხა, ხოლო მეორეზე თაღოვანი ღიობები ანაწევრებს. მათი მარტივად პროფილირებული საპირეები თეთრი ფერითაა გამოყოფილი. შენობას მასიური კარნიზი ასრულებს.26 მაისის ქუჩაზე გამავლი ფასადის ცენტრი მსუბუქად შვერილი რიზალიტითაა აქცენტირებული. სწორედ მის თავზეა აღმართული არქიტექტურული ელემენტებით (კბილანები, კრონშტაინების იმიტაცია) სათვალთვალო კოშკურა, რომელიც ლითონისმოაჯირიანი ბაქნით სრულდება. რიზალიტის ორივე მხარეს სახანძრო მანქანებისთვის სამ-სამი განიერი თაღოვანი კარია გაჭრილი. მარცხენა კიდეში მოწყობილი ტალანი შენობის ვრცელ ეზოში გადის. ეზოს ფასადები სადაა, მათ თაღოვანი და სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს. ძირითადი მკლავის მეორე სართულის წინ ლითონის გრძელი აივანია მოწყობილი. მისი ორმარშიანი კიბეც ლითონისაა. შენობა XIX ს-ის სახანძრო ნაგებობის ძალიან საინტერესო ნიმუშია საქართველოში.