ქ.ბათუმი, რევაზ კომახიძის ქუჩა N15
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასასრუს აშენებული,ბაროკულ-კლასიცისტური ელემენტებით მორთული ფასადის მქონე მცირე მოცულობის ერთსართულიანი სახლი გამორჩეულია მოხდენილი პროპორციებითა და შესრულების ოსტატობით. გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხა შენობა, აგებულია ქვით და მისი განივი, კომახიძის ქუჩაზე გამავალი მთავარი ფასადი, შელესილი და შეღებილია. ფასადის კედელი ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი და ვარდისფრადაა დაფერილი. მშვილდათაღოვანი ფანჯრებისა და კარის ღიობებს, სადა პროფილის არშია ევლებათ. ფასადის გაგრძელებაზე (მარჯვენა მხარეს) თაღოვანი შესასვლელი ჭიშკარია, რომლის თაღი ბრტყელ, სადა პროფილის მქონე ტოსკანურკაპიტელებიან გლუვ პილასტრებს ეყრდნობა. ოთხივე თაღის ცენტრში ნაძერწი ფოთლებით დაფარული საჭექი ქვებია დასმული. ხის არქიტექტურული დეტალებით მორთული სადარბაზოს კარის თავზე ლითონის აჟურულკრონშტეინებიანი წინფრაა მოთავსებული. შენობა პროფილირებული კარნიზით სრულდება, რომელსაც ქვევიდან ნაძერწი მცენარეული ორნამენტისგან შედგენილი არაბესკა მიუყვება. ეზოს მხარეს შენობა ძლიერ სახეცვლილია. კლასიცისტურ-ბაროკული ნიშნების მატარებელი კოხტა სახლი შესანიშნავად არის ჩაწერილი ქუჩის "კამერულ" განაშენიანებაში და კარგად ეხმიანება უბნის მასშტაბს.