ქობულეთის ხიდი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქობულეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მდ. კინტრიშზე გადებული ქვის თაღოვანი ხიდი მე-19 საუკუნით თარიღდება. ნახევარწრიული მოხაზულობის ერთმალიანი ხიდი დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ხიდის მიდამოების ჯებირები და მისკენ მისასვლელი ბილიკები მოკირწყლული ყოფილა უხეშად თლილი, კირით შედუღაბებული ქვებით (დღემდე შემორჩენილია ჯებირებისა და ბილიკის მოაჯირთა ფრაგმენტები). ხიდის ერთ მხარეს გზა მეწყერის ნაშალი მიწით არის ჩაკეტილი. ხიდი ორგანულად იწერება გარემოში და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის გათლილი ქვა, ყორე ქვა, ხოლო შემაკავშირებელი მასალა კირის დუღაბია. მალის წიბოები გამოყვანილია სოლისებრი, ერთი ზომის და ვერტიკალურად მიწყობილი კარგად გათლილი კვადრებით. ხიდი ეყრდნობა ბურჯებს, რომლებიც ისევე, როგორც მოაჯირი, შემაგრებულია ბეტონით. ხიდის დანარჩენი ნაწილი - არე ბურჯების ზემოთ - შევსებულია უსწორო ფორმის დიდი ზომის ქვებით; მათ შორის არეები ამოვსებულია წვრილი ქვითა და კირის ხსნარით. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.