მაჭახელას რკინის ხიდი
ლითონის ასაწყობი კონსტრუქციის ხიდი ბათუმიდან 20 კმ-ის დაშორებით მდინარე მაჭახელაზე 1891 წელსაა აგებული. მისი ყველა დეტალი ერთმანეთთან მოქლონებითაა შეკრული. ამგვარ ხიდებს შვედლერის ტიპის ხიდებს უწოდებდნენ. ისტორიულად ამ ხიდზე ბათუმი-არდაგანის გზა გადიოდა, რომლითაც მურღულის ხეობის სპილენძის მრეწველობა საპორტო ქალაქ ბათუმთან იყო დაკავშირებული. ხიდი ქალაქ როსტოვში პირველი გილდიის ვაჭრის, ინჟინერ დიმიტრი პასტუხოვის ქარხანაშია დამზადებული. ლაბორატორიული შემოწმება გაიარა ქალაქ ნოვოროსიისკში, საიდანაც იგი ბათუმის გავლით მდ. მაჭახელაზე გადაიტანეს და დაამონტაჟეს. ხიდის წონა 4800 ფუთს შეადგენდა. ხიდის სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 50 მეტრია, სიფართე 4.5 მეტრი ხოლო სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 5 მეტრი.