ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის ქუჩა N13 / ნოდარ დუმბაძის ქუჩა N6
ძეგლის მოკლე დახასიათება
სამსართულიან კუთხის სახლის პირველი სართული აგებულია 1892 წელს, მეორე და მესამე სართულები კი, XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდში. შენობას ბერძნული П-ის ფორმა აქვს. ეკლექტურად გაფორმებული ფასადების პირველ სართულს სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს. მათ სხივისებურად დეკორირებული თავსართები აფორმებს. მეორე სართულზე თაღოვანი ღიობებია მოწყობილი. მათი თაღები საჭექი ქვებით არის აღნიშნული, ხოლო საპირის გვერდები პილასტრებითაა გამოყვანილი. პროფილირებულ სართულშუა სარტყლებს კბილანების მწკრივი გაუყვება. შენობის მომრგვალებული კუთხე მაღალი, გამჭოლი პარაპეტით არის დასრულებული. ყველა ფასადს ერთმანეთის თავზე გადმოკიდებული ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები აქვს. მესამე სართული სახლს რამდენიმე წლის წინ დააშენეს. მისი გაფორმება მეორე სართულის იდენტურია. შენობის ეზოს მხარეს გამავალი უკანა კედლები გვიანდელი გადაკეთებების შედეგად ძლიერაა სახეცვლილი. სამშენებლო ფენების ქრონოლოგიური სხვაობის მიუხედავად, შენობის ქუჩისაკენ მიმართული მთავარი ფასადი ერთიან ეკლექტურ რენესანსულ სტილშია გადაწყვეტილი. ნაგებობა ორგანულად არის ჩაწერილი ქუჩის მასშტაბურ განაშენიანებაში და მეზობელ სახლებთან ერთად მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გამზირის არქიტეტქურულ სახეს.