საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, ხულოს ქუჩა N17
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი შენობა, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოს უნდა იყოს აგებული. სახლს საინტერესო ისტორია აქვს. ის, როგორც ცნობილია, მემედ აბაშიძის მამის იყო. მემედ აბაშიძე სწორედ ამ სახლში დაიჭირეს, როდესაც 1918 წელს ის პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს. ამის შემდეგ შენობაში გარკვეული პერიოდი მილიცია იყო განთავსებული, თუმცა მალევე გაიყიდა და ის ებრაელმა ქალბატონმა ეკატერინე კეიგელიონმა იყიდა. 1941 წელს მას 6 ებრაელი შეუსახლეს, რის გამოც ეკატერინე იძულებული გახდა სახლი გაეყიდა და ის ბაკურიძეების ოჯახმა შეიძინა. მაღალ ცოკოლზე მდგარი ერთსართულიანი სახლის ფასადი ვარდისფრადაა შეღებილი, ხოლო საპირეები, სანდრიკები, პარაპეტი თეთრად. კედელი მართკუთხა სარკმლის ღიობებითაა დანაწევრებული. შესასვლელი ფასადის ცენტრის ოდნავ მარცხნივაა გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული წინფრა აქვს. ღიობებს პროფილირებული მართკუთხა საპირეები შემოუყვებათ, რომელთა ზედაპირსაც მცენარეული ორნამენტების ხლართი შემოსდევს (სარკმლების მსგავსი შემკულობა გვხვდება ხულოს #23). ღიობთა ცენტრში მცენარეულმოტივიანი, დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული. ღიობთა ზემოთ დეკორატიულ კრონშტეინებზე დაყრდნობილი თარაზული სანდრიკებია.სახლს პროფილირებული კარნიზი აქვს, რომელიც პარაპეტით სრულდება. შესასვლელი ღიობის ღერძზე პარაპეტი შვერილია და მისი ზედაპირი მცენარეული მოტივებითა და კანელურებიანი `პილასტრებითაა~ გაფორმებული. სახლისა და ქუჩის პირს შორის პატარა ბაღია.სახლი გარდა საინტერესო ისტორიისა, ასევე მნიშვნელოვანია მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისითაც და ქუჩის განაშენიანების კუთხითაც.