ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N34 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N46
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კუთხეზე გამოდის წაკვეთილი გვერდით. ქუჩისკენ გახსნილ ეზოს შემოიზღუდავს ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სტილიზებული, ეკლექტიკური ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. I სართულზე კომერციული ფართობებია, სტილიზებულ მართკუთხედებიანი პილასტრებით გამოყოფილი განიერი მართკუთხა ღიობებით. II სართულს მიუყვება ლილვებით მოჩარჩოებული საჭექვებიანი თარაზული სარკმლები. ნაგებობის კუთხეზე, სტილიზებულ ტალღოვან კრონშტეინებზე შემომდგარია ლითონის მოაჯირიანი დაწახნაგებული აივანი. ასეთივე ტიპის აივანია კ. გამსახურდიას ქუჩისკენ. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია თაროსებური ქამრით. II სართულის ზევით პროფილირებული ლავგარდანია ნაშვერი თაროთი. ფასადები გალესილია და დაფერილი კონტრასტულად _ კედლების სიბრტყე ღია ტონით, არქიტექტურული დეტალები კი, ღიაყვითლად.სახლი L-ის გეგმარებისაა. ეზოს ფასადები ღია გალერეა-აივნებით იყო მოცული. ერთ მხარეს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე მინაშენით. ამავე მხარეს აქვს გვიანი მანსარდა. გვერდითა ფლანგზე კი, შემორჩენილია II სართულის ღია გალერეა წახნაგებიანი სვეტებით და ლითონის ცხაურიანი მოაჯირით. ამ სვეტებს ეფუძნება რელიეფურ ფრიზიანი დაბალი ანტაბლემენტი კრონშტეინებიანი შვერილი თაროთი, რაც უშუალოდ III სართულის ღია ვერანდის საყრდენს წარმოადგენს. ვერანდაც შემოკავებულია ლითონის ჭვირული, გულამობურცული მოაჯირით. მოგვიანებით ღია ვერანდა გადახურულია ლითონის სადგარებზე მოწყობილი ორქანობიანი, აზბოცემენტის ფილების კუსტარული საბურავით.