ქ.ბათუმი, თბილისის მოედანი N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული. ის ქვითა და აგურითაა ნაშენი და მისი მთავარი, გრძივი ფასადი მოედნის მიმართულებით გამოდის. შენობის პირველი სართულის მარჯვენა ნაწილი სახეცვლილია. თავდაპირველი სახითაა დარჩენილი შენობის მარცხენა ნაწილი, სადაც ერთმანეთის გვერდითაა მოწყობილი ეზოში შემავალი გვირაბი და სადარბაზო. შესასვლელთა თაღოვანი (გვირაბის ღიობი მშვილდთაღოვანია) ღიობები `რუსტირებულია~ და საჭექი ქვებითაა აქცენტირებული. ამ ნაწილში ჯერ კიდევ შემორჩენილია სართულების გამმიკნავი პროფილირებული ფრიზი. შედარებით ხელუხლებლადაა ჩვენამდე მოღწეული შენობის მეორე სართული. კედელი მცირედ გამოწეული კანელურებიანი პილასტრებით ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. მარცხენა ორ სეგმენტში თითო განიერი, თაღოვანი ღიობია, ხოლო დანარჩენ ნაწილებში სამ-სამი, ვიწრო თაღოვანი ღიობებია. მათ გადანაკეცებიანი თავსართი ასრულებს და გადაბმულად მიუყვება ფასადის მთელს ზოლს. შენობას მთელ ფასადზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი გაუყვება. სახლი კბილანებიანი ლავგარდანითაა დასრულებული. სახლი (და ასევე მის გვერდით მდგარი სახლი, ი. ჭავჭავაძის #15) მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოედნისა და ქუჩათა განაშენიანებაში, თუმცა, დღეს ახალი მაღალსართულიანი სახლებით სახეცვლილი ბათუმის ამ ნაწილში მისი ჩაკარგვის საფრთხე არსებობს. შენობა ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული განაშენიანების, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც, აქ ჯერ კიდევ კარგად ჩანს XIX საუკუნის ბოლოს ამ მნიშვნელოვანი უბნის გააზრებული და ჩამოყალიბებული გადაწყვეტა.