ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N41
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. მაღალ ცოკოლზე მდგარ შენობას მანსარდა აქვს დაშენებული. ცოკოლის კედელი და სახლის კუთხეები რუსტირებულია. მცირე ზომის, კამერული სახლი სიმეტრიულად ნაწევრდება. სახლში შესასვლელი კარი ფასადის ცენტრშია გაჭრილი, რომლის ზემოთაც მასიური ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი მანსარდის აივანია. აივნის კრონშტეინებს შორის არსებულ სიბრტყეზე ფრონტონია, ცენტრში ხაოიანი ზედაპირის მქონე ხუთკუთხა ქვით. კარის ორივე მხარეს წყვილ-წყვილი სარკმლის, მართკუთხა ღიობებია. სარკმლებს საინტერესოდ გადაწყვეტილი მოჩარჩოება აქვთ: ღიობს მარტივი პროფილის ვიწრო ზოლი შემოუყვება, რომლის კუთხეებშიც და ვერტიკალების შუაშიც უხეშადდამუშავებულ ზედაპირიანი თითო მართკუთხა ქვაა ჩასმული. ასეთივე ფაქტურისაა საპირის ცენტრში ჩამჯდარი საჭექი ქვაც. მანსარდაც ხუთი ღიობითაა დანაწევრებული, რომლებიც ფრონტონებით სრულდება. სახლს პროფილირებული, შვერილი ლავგარდანი აქვს, რომელსაც ქვედა ნაწილში კბილანებიანი ფრიზი გაუყვება. სახლი გამორჩეულია თავისი კამერულობითა და ფასადის საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით.