ქ. ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N100
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი აგურის შენობის მაღალი ცოკოლი, რომელშიც სარდაფია მოწყობილი, ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. ნაგებობის ფასადი კლასიცისტურ სტილშია შესრულებული, ბაროკული ელემენტების გამოყენებით. ფასადი სიმეტრიულია. კიდეებში ოდნავ შვერილი რიზალიტებია გამოყენებული. რიზალიტებში შესასვლელებია მოწყობილი. შუაში - თაღოვანი, ეზოში შესასვლელი გვირაბია, მის მარცხნივ – სადარბაზო. სართულები სადა პროფილის მქონე კარნიზით ერთმანეთისგანაა გამიჯნული. სართულების გაფორმება განსხვავებულია. პირველი სართულის ღიობებს რელიეფური მოჩარჩოება მიუყვება. სარკმლის ძირები ხაზგასმულია მართკუთხა, ჩაკვეთილი სიბრტყეებით, ხოლო ზედა ნაწილში საჭექი ქვებია. საპირე -რელიეფურია, ტეხილი ქვის წყობის იმიტაციით, განიერი და ვიწრო ქვების მონაცვლეობით. რიზალიტების კუთხეები პილასტრებით არის დამუშავებული. მთლიანად პირველი სართულის ზედაპირი, რუსტირებულია. მეორე სართული სადაა, ცენტრში გადმოკიდებული ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნით. ზედაპირი ჰორიზონტალური ღარებით არის დამუშავებული. ღიობებს - სადა ჩარჩო მიუყვება. შენობა სრულდება პროფილიანი კარნიზით და წყვეტილი პარაპეტით, რომელიც შენობის ცენტრალურ ნაწილსა და რიზალიტების თავზეა მოცემული და შემკულია ლარნაკებით. ნაგებობა ორგანულად ერთვის ქუჩის განაშენიანებას და განსაზღვრავს უბნის ისტორიულ სახეს.